
"ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა."
"ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ – ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წაუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ – ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა–პაპის მაგალითითა და ანდერძით, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში."
" ისტორია იმითია დიდი, რომ გვიჩვენებს ჩვენ წინაპართა ცდომილებას, მასთანვე გვასწავლის ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკანა მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენს სასარგებლოს არას გამოვიტანთ."
No comments:
Post a Comment