Friday, December 1, 2017

Monday, September 18, 2017

დროის ხაზი

საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები.
1.304-237 ძვ.წ. ფარნავაზ I-ის მეფობა.აზოს დამარცხება და იბერიის მეფედ კურთხევა.
2.65 ძვ.წ. პომპეუსის ლაშქრობა იბერიაში.
3.36 ძვ.წ. კრასუსის ლაშქრობა იბერიაში და მეფე ფარნავაზ II-ის დამორჩილება.
4.40-50წწ.ანდრია მოციქულის მიერ ქრისტიანობის ქადაგება აჭარაში, კლაჯეთში, სამცხეში, სვანეთსა და აფხაზეთში.
5.120-150წწ.ფარსმან II-ის მიერ დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის შემოერთება.მისი სტუმრობა რომში იმპერატორ ანტონიუს პიუსთან.
6.298წ.ნისიბინის ზავი ირანსა და რომს შორის. იბერიის გამოცხადება რომის გავლენის სფეროდ.
7.337წ.მირიან III-ის მიერ ქრისტიანობის სახემწიფო რელიგიად გამოცხადება.
8.482-484წწ.ქართველთა და სომეხთა ანტიირანული აჯანყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით.
9.532წ. მეფობის გაუქმება ქართლში.
10.627წ.თბილისის აოხრება ხაზართა მიერ.
11.653წ.არაბთა შემოსვლა ქართლში, "დაცვის სიგელის" დადება და დახარკვა.
12.735-736წწ.მურვან ყრუს დამსჯელი ლაშქრობა.
13.853წ.ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში.
14.989წ.ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარის ერისთავის რატი ბაღვაშის დამორჩილება.
15.1010წ.კახეთ-ჰერეთის შემოერთება ერთიანი საქართველოს სამეფოსათვის.
16.1064-168წწ.ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში.
17.1080წ. "დიდი თურქობა" და აოხრება საქართველოსი.
18.1096წ.კლდეკარის ერისთავის ლიპარტის გაძევება საქართველოდან.
19.1099წ.საქართველოს განთავისუფლება თურქ-სელჩუკთა მოხარკეობისაგან.
20.1104წ.კახეთის მეფის აღსართანის შეპყრობა და ჰერეთ-კახეთის შემოერთება. განძის ათაბაგზე გამარჯვება ერწუხის ბრძოლაში.
21.1121წ.დიდგორის ბრძოლა და ქართველების ძლევამოსილი გამარჯვება.
22.1122წ.თბილისის განთავისუფლება 400-წლიანი ბატონობისგან.
23.1195წ. ათაბაგ აბუ-ბაქრის ჯარის სასტიკი დამარცხება შამქორის ბრძოლაში.
24.1204წ. რუმის სულთნის რუქნადინის კოალიციური ლაშქრის განადგურება ბასიანის ბრძოლაში.
25.1220-1221წწ.პირველი ბრძოლა მონღოლებთან და მარცხი.
26.1225წ.ჯალალ ედ-დინის შემოსევა და ქართველების სასტიკი მარცხი გარნისის ბრძოლაში.
27.1228წ.ქართველების მორიგი მარცხი ხვარაზმელებთან ბოლნისის ბრძოლაში.
28.1235-1236წწ.აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ.
29.1243-1256წწ.საქართველო ოქროს ურდოს შემადგენლობაში.
30.1247წ. კოხტასთავის შეთქმულება.
31.1289წ. დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯა მონღოლების მიერ.
32.XIV ს.-ის 30-იანი წლები საქართველოს განთავისუფლება მონღოლთა ბატონობისგან გიორგი V ბრწყინვალის მიერ.
33.1386წ.თემურლენგის პირველი შემოსევა თბილისის აღება.
34.1387წ. თემურლენგის მეორე შემოსევა.
35.1393-1394წწ. თემურლენგის მესამე და მეოთხე შემოსევა.
36.1399წ. თემურლენგის მეხუთე შემოსევა.
37.1400წ. თემურლენგის მეექვსე შემოსევა.
38. 1401წ. თემურლენგის მეშვიდე შემოსევა.
39. 1403წ. თემურლენგის მერვე შემოსევა. ზავის დადება თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის.
40.1407წ.შავბატკნიანი(ყარა-ყოიყნლუს) თურქმანების შემოსევა. გიორგი VII-ის სიკვდილი ბრძოლაში.
41.1440წ. შაჰ-ჯაჰანის ლაშქრობა საქართველოში.
42.1461-1462წწ.უზუნ-ჰასანის პირველი შემოსევა.
43.1464წ.გიორგი VIII-ის დამარცხება ჩიხორის ბრძოლაში და სამცხისა და იმერეთის საბოლოო განდგომა.
44.1477წ.უზუნ-ჰასანის მეორე შემოსევა.
45.1483წ. ყვარყვარე II ჯაყელის გამარჯვება კონსტანტინე II-ის ლაშქარზე. არადეთის ბრძოლაში.
46.1485-1486 და 1488წწ. იაყუბ-ყაენის ლაშქრობა საქართველოში.
47.1518წ. ირანის შაჰის ისმაილ I-ის შემოსევა.აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ირანის ვასალები ხდებიან.
48.1522წ. თელეთის ბრძოლა. თბილისის აღება ყიზილბაშების მიერ.
49.1535წ. მუჯახეთის ბრძოლა. სამცხის საათაბაგოს შეერთება იმერეთის სამეფოსთან.
50.1541წ. სპარსეთის შაჰის თამაზ I-ის პირველი ლაშქრობა საქართველოში.
51.1545წ.იმერეთის დამარცხება ოსმალებთან სოხოიტის ბრძოლაში.სამცხის საათაბაგოს გამოყოფა იმერეთის სამეფოსგან.
52.1546-1547წწ.თამაზ I-ის მეორე ლაშქრობა საქართველოში.
53.1551წ.თამაზ I-ის მესამე ლაშქრობა საქართველოში.
54.1554წ. თამაზ I-ის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში.
55.1556წ.ქართლის ჯარის გამარჯვება ირანელებზე გარისის ბრძოლაში სიმონ ლუარსაბის ძის მეთაურობით.
56.1569წ.სიმონ I ატყვევებს დაუდ-ხანს ფარცხისის ბრძოლაში.
57.1578-1606წწ.ოსმალთა ბატონობა საქართველოში.
58.1588წ.სიმონ I ზავდება ოსმალეთთან, თავს ესხმის იმერეთს შემოერთების მიზნით და იმარჯვებს გოფანთოს ბრძოლაში.
59.1590წ. სიმონ I-ის ცდა იმერეთის შემოსაერთებლად მარცხით მთავდება ოფშკვითის ბრძოლაში.
60.1599-1600წწ. ნახიდურის ბრძოლა და სიმონ I-ის დატყვევება ოსმალების მიერ.
61.1609წ.ოსმალების შემოჭრა ქართლში და თევდორეს გმირობა.
62.1614წ. შაჰ აბას I-ის ლაშქრობა ქართლ-კახეთში.
63.1616-1617წწ. შაჰ აბას I-ის ლაშქრობა კახეთში.
64.1622წ. ლუარსაბ II-ის სიკვდილით დასჯა ირანში.
65.1624წ. ქეთევან დედოფლის სიკვდილით დასჯა ირანში.
66.1625წ.აჯანყება ირანის წინააღმდეგ და გამარჯვება მარტყოფის ბრძოლაში გიორგი სააკაძის და თეიმურაზ I-ის ხემძღვანელობით.
67.1625წ.თეიმურაზ I მარაბდის ბრძოლაში ირანელებთან მარცხდება.
68.1626წ.გიორგი სააკაძის რაზმები მარცხდება თეიმურაზ I-ის ლაშქართან. ბაზალეთის ბრძოლაში.
69.1659წ.ბახტრიონის აჯანყება კახეთში და ირანის გეგმების ჩაშლა.
70.1723წ. ოსმალები თბილის იღებენ.
71.1723-1735წწ. ოსმალების ბატონობა ქართლში.
72.1735-1747წწ. ნადირ-შაჰის მიერ ოსმალების განდევნა და ქართლის ირანის გავლენის ქვეშ მოქცევა.
73.1757წ. იმერეთის მეფე სოლომონ I-ის გამარჯვება თურქებზე ხრესილის ბრძოლაში.
74.1770წ.ერეკლე II-ის გამარჯვება ოსმალებზე ასპინძის ბრძოლაში.
75.1774წ. ოსმალების შემოსევა იმერეთში. ჩხერის ბრძოლა.
77.1780წ. იმერეთ-გურია-ოდიშის გაერთიანებული ლაშქრის გამარჯვება ოსმალებზე რუხის ბრძოლაში.
78.1783წ.გეორგივსკის ტრაქტატზე ხელმოწერა.
79.1795წ.ირანელები აღღა-მახმად-ხანის მეთაურობით ამარცხებენ ერეკლე II-ის ლაშქარს კრწანისის ბრძოლაში.
80.1801წ. რუსეთის იმპერატორების პავლე I-ის და ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაზე და მისი რუსეთთან შეერთებაზე.
81.1802წ. ქართლ-კახეთის ანექსირება რუსების მიერ.
82.1804წ.მთიულეთის ანტირუსული აჯანყება.
83.1810წ. სოლომონ II-ის ტახტიდან ჩამოგდება და იმერეთის ანექსირება რუსების მიერ.
84.1811წ.რუსეთი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აუქმებს.
85. 1812წ. კახეთის ანტირუსული აჯანყება.
86. 1819-1820წწ. იმერეთის ანტირუსული აჯანყება.
87.1828წ. გურიის სამთავროს გაუქმება.
88.1832წ. ქართველი თავად-აზნაურთა შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ.
89.1857წ. სამეგრელოს სამთავროს გაუქმება.
90.1858წ.სვანეთის სამთავროს გაუქმება.
91.1864წ.აფხაზეთის სამთავროს გაუქმება.
92.1918წ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
93.1921წ.წითელი რუსეთის მე-11 არმიის საქართველოში შემოსვლა და ანექსია.
94.1921-1922წწ. ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში.
95.1924წ. ანტისაბჭოთა აჯანყება საქართველოში.
96.1989წ. მშვიდობიანი მიტინგის დარბევა საბჭოთა ჯარების მიერ.
97.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
98.1992წ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა.
99.1992-1993წწ. სამოქალაქო ომი აფხაზეთში და სოხუმის დაცემა.
100.2003წ. ვარდების რევულუცია და ედუარდ შევარდნაძის მშვიდობიანი გადადგომა.
101.2012წ. საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების პირველი ცვლილება.

Sunday, August 27, 2017

გეორგიევსკის ტრაქტატი


.

ისტორია

ირანისა და ოსმალეთის მხრიდან მზარდი საშიშროება საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან კავშირის გამყარება მიაჩნდა.

XVIII საუკუნის 80-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულება საქართველოსადმი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი გავლენა ყირიმზე გაავრცელა და მისი საზღვრები თითქმის კავკასიონის ქედს მიებჯინა, საიმპერატორო კარს აშკარად გაუძლიერდა ინტერესი ამიერკავკასიისადმი. თუკი აქამდე საქართველოს მეფეების თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდის ხალისით არ ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო მდგომარეობა შეიქნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებმა დაიწყეს კავკასიის ზბით წინა აზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა. ამ გეგმებში ქრისტიანულ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორის კარზე გაახშირეს სტუმრობა რუსმა მოხელეებმა, ელჩებმა, მოგზაურებმა, რომლებიც ბეჯითად ურჩევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთთან კავშირის აღდგენას, იმპერატორისთვის მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. ერეკლე მეორე საქმის ასეთ შემობრუნებას კმაყოფილი შეხვდა.

1782 წლის ბოლოს ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების მიზნით ეკატერინე II-მ თავად პავლე პოტიომკინს გაფართოებული უფლებამოსილება მიანიჭა ერეკლე მეფესთან სამოკავშირეო შეთანხმების მისაღწევად. ქართული მხრიდან მეფის მიერ ხელდასმული იყვნენ თავადები ი. ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე.

ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო. საიმპერატორო კარმაც არ დააყოვნა საქმით დაემტკიცებინა ერეკლესთვის თავისი კეთილგანწყობილება. რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობა მოშალა, ხოლო ალექსანდრე ბაქარის ძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო.

1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. დაიწყოს ხდომები ხელშეკრულების მუხლების დაწვრილებით განსახილველად. 24 ივლისს ტრაქტატს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან — იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ, ხოლო რუსეთის მხრიდან — გენერალ-პორუჩიკმა პავლე სერგის ძე პოტიომკინმა.

პირობები
ტრაქტატი შედგებოდა შესავლისა, 13 ძირითადი და 4 დამატებითი საიდუმლო (სეპარატული) მუხლისაგან.
ტრაქტატის შესავალ ნაწილში ზოგადად აღნიშნული იყო ის ურთიერთობა, რაც უძველესი დროიდან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო, დაეცვა ერთმორწმუნე საქართველო სხვა ქვეყნების მხრივ ჩაგვრისაგან, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთისადმი ასახული იყო ადრიდანვე რუსეთის ხელმწიფეთა ტიტულატურაში და სხვ. აქ იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ 1587 წელს კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ მოსკოვის მეფეები და შემდეგ რუსეთის იმპერატორებიც ოფიციალურ ტიტულატურაში თავიანთ თავს „ივერიის ხელმწიფესაც“ უწოდებდნენ. ტრაქტატის შესავალში აღნიშნული იყო, რომ იმპერატორმა დიდსულოვნად ინება ქართველების გათავისუფლება „უღლისაგან მონებისა“ და იმ დამამცირებელი ვალდებულებებისაგან, „რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყუნეს… ტყუედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა“. ტრაქტატი აცხადებდა, რომ ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს მისი სამეფოსა და სამფლობელოების უზენაესი მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ „უზენაეს ხელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისა“; იმპერატორმა „ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა პირობისა“. შესავალშივე დასახელებული იყვნენ ორივე მხრიდან ის წარმომადგენლები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ რწმუნებით ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ხელშეკრულების პირველი მუხლით ქართლ-კახეთის მეფე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აცხადებდა, რომ უარყოფდა ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსადმი რაიმე დამოკიდებულებას და ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, აღუთქვამდა რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას და რუსეთის სახელმწიფოს შეწევნისათვის ყოველთვის მზადყოფნას, როცა ამას მისგან მოითხოვდნენ.

მეორე მუხლით იმპერატორი ეკატერინე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით პირობას დებდა, ყოველთვის მზრუნველობა გამოეჩინა და მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის მეფეებისათვის. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს მთლიანად და და უკლებლად დაცვას ივალებდა. გარდა ამისა, ხელმწიფის ეს თავდებობა გავრცელდებოდა იმ ქვეყნებზედაც, რომელნიც დროთა განმავლობაში საქართველოს შეუერთდებოდნენ.

მესამე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ახალასული მეფე ამიერიდან რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა სათანადო სიგელითა და ინვენსტიტურის* ნიშნების გამოგზავნით. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი, რომლის ტექსტიც ტრაქტატს თან ერთვოდა.

მეოთხე მუხლში ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში იგი მოვალე იყო რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტს ან კიდევ კავკასიის ხაზის უფროსს შეთანხმებოდა.

მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი ანუ მინისტრი.

მეექვსე მუხლით რუსეთის იმპერატორი, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით, საქართველოს მეფეს აღუთქვამდა შემდეგს: 1. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის მტრებად გამოცხადდებოდნენ. ოსმალეთთან და ირანთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები გავრცელდებოდა საქართველოზედაც; 2. მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრენი ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ; 3. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.

მეშვიდე მუხლში ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით დაპირებას იძლეოდა: 1. ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურად; 2. ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რაც რუსეთისადმი სამსახურს შეეხებოდა, შეთანხმებოდა რუსეთის ხელისუფალთ, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომები ყოველგვარი განსაცდელისა და შევიწროებისაგან; 3. ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებასაც.

მერვე მუხლი საქართველოს ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ამ საკითხში მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმებულან. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლეს მიერ რუსეთის საიმპერატორო კარისადმი გაგზავნილ პირობებში აღნიშნული იყო, რომ „კათალიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად“, ე. ი. საქართველოს კათალიკოსი უნდა დარჩენილიყო თავის უფლებებში ხელშეუვალად. ამჯერად კი იგი (თუმცა კი მის გვერდით და მის მაგიერად დასახელებულია საქართველოს არქიეპისკოპოსიც) ჩაყენებულია რუსეთის საეკლესიო იერარქიის რიგში, იგი მერვე ადგილზეა (გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ) დაყენებული და სამუდამოდ მინიჭებული აქვს უწმინდესი სინოდის წევრის ტიტული. საქართველოს ეკლესიის საკითხი უფრო ვრცლად უნდა განმარტებულიყო ცალკე დანართში, მაგრამ ასეთი განმარტება ტრაქტატისთვის აღარ დაურთავთ.

მეცხრე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართველ თავად-აზნაურებს რუსეთში ისეთივე პრივილეგიები ექნებოდათ, როგორც რუს თავად-აზნაურებს ჰქონდათ. ერეკლეს რუსეთში უნდა გაეგზავნა ქართველ თავად-აზნაურთა სია.

შემდეგ მუხლებში (მეცხრე, მეათე) დადასტურებული იყო, რომ ქართლისა და კახეთის მცხოვრებთ რუსეთში გადასვლის, ასევე საქართველოში დაბრუნების სრული უფლება ჰქონდათ. რუსეთის მთავრობა კისრულობდა თურქეთის, ირანისა და სხვათა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებას იმ პირობით, რომ ანაზღაურებული ყოფილიყო მათი გამოხსნისა და გადმოყვანის ხარჯები. საქართველოს მეფე კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა ასევე მოპყრობოდა ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუსებს.

მეთერთმეტე მუხლი შეეხებოდა ვაჭრობას. ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი აღებ-მიცემობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა ის შეღავათი, რითაც თვითონ რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. ერეკლე კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეღავათები მიეცა რუსი ვაჭრებისთვისაც.

მეთორმეტე მუხლში გამოცხადებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო.

მეცამეტე მუხლის მიხედვით სარატიფიკაციო ვადად დაწესებული იყო 6 თვე. დამატებით სეპარატულ (საიდუმლო) მუხლებში, რომლებიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, აღნიშნული იყო, რომ ერეკლე სოლომონ იმერთა მეფესთან თანხმობით ყოფნას ივალებდა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში ის რუსეთის იმპერატორს „მეშუამავლედ“ ცნობდა და საცილობელ საკითხს მის მსჯავრს მიანდობდა; საქართველოში მუდმივ სამყოფად გამოიგზავნებოდა ორი ქვეითი რუსული ბატალიონი 4 ზარბაზნით, ომის შემთხვევაში ამას სხვა ძალაც დაემატებოდა: კავკასიის ხაზის უფროსს ჰქონდა რწმუნება, შეთანხმებულიყო ერეკლე მეორესთან საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის. უკანასკნელი სეპარატული მუხლით რუსეთის მხარე აღუთქვამდა საქართველოს მეფეს, რომ ომისა თუ დაზავების დროს რუსეთის საიმპერატორო კარი ყოველ ღონეს იხმარდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები — ახალციხე და ყარსი სამცხეში, საინგილო — აღმოსავლეთ კახეთში.

ტრაქტატის შედეგებიამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში შესული ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე. ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით. 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის* ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა — ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა. გენ. პოტიომკინი წერდა იმპერატორ ეკატერინე მეორეს: „საქართველოში მყოფმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მაუწყა, რომ გენერალ პ. ს. პოტიომკინთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ქართველ დესპანთა დაბრუნებამ გეორგიევსკის ციხე-სიმაგრიდან აუწერელი სიხარული და კმაყოფილება მოუტანა მეფე ერეკლეს, რომ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, ხალხი კი ლოცავს თქვენს იმპერატორულ უდიდებულესობის მარჯვენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისთვის სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს“. 1783 წლის 20 აგვისტოს სიონის ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიოზ რექტორმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, რომელშიც შესანიშნავი ორატორული ხელოვნებით დაახასიათა ერეკლეს მოღვაწეობა და მისი პოლიტიკური კურსი. იგი მსმენელებს აუწყებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ერეკლემ „დაამტკიცა საუკუნო მშვიდობა და მყუდროება ერისა თვისისა“.

ტრაქტატით გათვალისწინებული რუსთა ჯარი — ორი ბატალიონი — 1783 წლის 2 ნოემბერს შემოვიდა თბილისში. საზეიმოდ მორთული საქართველოს დედაქალაქი აღტაცებით შეხვდა საქართველოში რუსთა დამხმარე ჯარის შემოსვლას. ჯარს რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი პოლკოვნიკი ბურნაშოვი მოუძღოდა. ორი თვის შემდეგ 1784 წლის 17 იანვარს პოლკოვნიკმა ტამარამ ეკატერინე II მიერ გამოგზავნილი სარატიფიკაციო სიგელი და ერეკლესთვის განკუთვნილი სამეფო ნიშნები ჩამოიტანა. 23 იანვარს ერეკლემ მას აუდიენცია გაუმართა და ეს ნიშნები საზეიმოდ ჩაიბარა. 24 იანვარს ერეკლემ თავის სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა და მეორე დღეს, 25 იანვარს, ტრაქტატით გათვალისწინებული ფიცი მიიღო. საყოველთაო სახალხო ზეიმი დიდხანს გაგრძელდა. პოლკოვნიკი ბურნაშოვი აღწერდა თავის უშუალო შთაბეჭდილებებს — „თბილისელი ვაჭრები ქეიფობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ ქალაქის მოედანზე, სადაც დიდძალი ხალხი შეკრებილიყო. ბევრგან მუსიკის ჰანგები იფრქვეოდა, ერთი სიტყვით, ხალხს სურდა, სიხარული გამოეხატა მის ბედში ასეთი სასურველი ცვლილების გამო“.

გრძელვადიანი შედეგებიერეკლე მეორე რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს უკავშირებდა. ჯერ ერთი, იგი იმედოვნებდა, რომ ძლიერი მფარველის დახმარებით ქართლ-კახეთში ლეკიანობა საბოლოოდ აღიკვეთებოდა და ქვეყანას საშუალება მიეცემოდა, ფართო აღმშენებლობითი მუშაობა გაეშალა, აგრეთვე, შეიქმნებოდა შესაძლებლობა, მოეშალათ ლეკიანობის ბუდე ჭარ-ბელაქანსა და კაკ-ელისენში და ეს ძირძველი ქართული ტერიტორია (საინგილო) კვლავ საქართველოს შემოუერთდებოდა. ასევე რუსეთ-თურქეთის მომავალ ომში ერეკლეს იმედი ჰქონდა, რომ მესხეთის მიწა-წყალსაც დაიბრუნებდა. რუსეთის მხარდაჭერით განმტკიცდებოდა ერეკლეს მფარველობა მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებზე.

მაგრამ, სამწუხაროდ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. თურქეთის სულთანმა საქართველოს რუსეთთან დაკავშირებაში თავისთვის დიდი საფრთხე დაინახა და მთელი თავისი ძალებით ამოქმედდა. მან კავკასიის მაჰმადიანურ სახანოებს და დაღესტნის მთავრებს მოუწოდა აღმდგარიყვნენ მაჰმადიანობის დასაცავად და ამიერკავკასიაში ქრისტიანული რუსეთის დამკვიდრების წინააღმდეგ ერთობლივად საბრძოლველად. უპირველეს ყოვლისა, მოუწოდა, დაწყოთ ლაშქრობა ქართლ-კახეთის სამეფოზე. ახალციხის საფაშო ოსმალთა აგრესიის ბაზად იქცა. აქ თავს უყრიდნენ ავაზაკთა ბრბოებს და საქართველოსკენ სათარეშოდ უშვებდნენ. მტრის მარბიელი ლაშქარი საქართველოს ყოველი მხრიდან ესხმოდა თავს. რუსეთის მიერ გამოგზავნილი 2 ბატალიონი და ერეკლეს სამხედრო ძალა ამ გამუდმებულ თავდასხმებს ვერ აუდიოდა. ამას დაერთო 1785 წელს ხუნძახის ბატონის ომარ-ხანის 20 000-იანი ლაშქრის შემოსევა, რომელმაც მიწასთან გაასწორა ახტალის სამთამადნო წარმოება და ტყვედ წაასხა მადნის მომპოვებელი რამდენიმე ასეული ხელოსანი. ერეკლე იძულებული შეიქნა ომარ-ხანისთვის 10 000 მან. გადაეხადა და, ამავე დროს, ყოველწლიური „ჯამაგირი“ — 5 000 მან. განეწესებინა.

საქართველოსთვის ამ მძიმე პერიოდში თავი აიშვა საშინაო რეაქციამაც. დიდებული თავადები კარგად ხედავდნენ, რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ურთიერთობას უკავშირებდა ქვეყანაში პროგრესული ცვლილებების გატარებას, რაც, საბოლოოდ, მათი უფლებების შეკვეცით უნდა დამთავრებულიყო. შეშფოთებულ თავადებს თანაუგრძნობდა ერეკლეს მეუღლე, დედოფალი დარეჯანი. ეს ერთობ შეზღუდული და ინტრიგების დახლართვაში გამოცდილი ქალი, მხოლოდ თავისი პირადი და თავისი შვილების კეთილდღეობისთვის ზრუნავდა. მას ამ მიზნისთვის არაფრად მიაჩნდა ქვეყნის მომავლის მსხვერპლად მიტანა. ისინი დაჟინებით ურჩევდნენ უკვე მოხუცებულობაში გადამდგარ მეფეს, გაეწყვიტა კავშირი რუსეთთან და ისევ თურქეთთან შეთანხმება ეცადა.

1787 წელს რუსეთ-თურქეთის ახალი ომი დაიწყო და რუსეთის მთავრობამაც, იმ საბაბით, რომ თურქეთს საქართველოზე შემოტევა არ დაეწყო, აქედან თავისი ჯარები უკან გაიწვია. მტრების წინაშე მარტოდ დარჩენილ და შინაარეულობით მოცულ ქვეყნის მეთაურს ახალი რთული პრობლემები წამოეჭრა. როგორც ჩანს, ამ უმაგალითო სიძნელეებმა და ასაკმა აქამდე დაუღალავი და მხნე მეფე ერეკლეს ნებისყოფა გატეხა. იგი სულ უფრო და უფრო მეტ დათმობაზე მიდიოდა ჟინიანი დედოფლისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ. ამ უკანასკნელთა გავლენით იყო, რომ ვერ განხორციელდა დიდმნიშვნელოვანი წამოწყება, ამერეთ-იმერეთის გაერთიანებას რომ ისახავდა მიზნად.

ტრაქტატის შეფასებარუსული ისტორიოგრაფიის მტკიცებით, გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით „ქართველი ხალხი გადაურჩა სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდან გარდაუვალ აგრესიასა და სრულ გადაშენებას“. ამ აზრს იზიარებდა ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია. თუმცა, აღმოსავლეთმცოდნე რევაზ გაჩეჩილაძე ასეთ შეფასებას „რეალობის თავდაყირა დაყენების მცდელობას“ უწოდებს. რადაგანაც „სპარსეთს არ ესაჭიროებოდა საქართველოში ლაშქრობა, თუკი შაჰის ნორმალური ვასალი (სპარსეთისათვის ის ერეკლე ხანი იყო) არ განუდგებოდა მას. არც ოსმალეთი გეგმავდა აღმოსავლეთ საქართველოში ლაშქრობას, რაც სპარსეთთან ომის დაწყების ტოლფასი იყო. ქართლ-კახეთისათვის ბევრად უფრო სახიფათო დაღესტნელი მოთარეშეების ... ყაჩაღური თავდასხმების აღსაკვეთად რუსის ჯარი ერეკლე II-ს არც დახმარებია“. უარყოფითად აფასებს გეორგიევსკის ტრაქტატს ივანე ჯავახიშვილი: „1783 წ. ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰ-აბაზის შემდგომ არ ყოფილა“

Tuesday, August 15, 2017

როგორ დასაჯა ღმერთმა წმიდა ნინოს მეგობრების მკვლელი - მეფე თრდატი
გაიოზ მამალაძე


წმიდა მირიან მეფე და ნანა დედოფალი
  ჩვენი წელთაღრიცხვით 260 წელს სპარსელებმა რომაელები დაამარცხეს. ისინი ჩვენს რეგიონში გაბატონდნენ. არმენული დინასტიის მეფე ტირიდატი რომში გაიქცა. "ქართლის ცხოვრებაში" ტირიდატი ცნობილია, როგორც "ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ... და იყო იგი გოლიათი". საქართველო სამეფო ტახტს ინარჩუნებდა, თუმცა იგი აღიარებდა სპარსეთის ჰეგემონიას რეგიონში და იძულებული იყო, მისი მოკავშირე ყოფილიყო.
284 წელს რომის იმპერატორი გახდა წმიდა გიორგის მაწამებელი დიოკლიტიანე. დიოკლიტიანემ თანაიმპერატორად მაქსიმიანე დაისვა. ორივე ავგუსტუსის ტიტულს ატარებდა. დიოკლიტიანემ მოადგილე კეისრად გალერიუსი გამოაცხადა, მაქსიმიანემ კი - კონსტანციუს ქლორუსი. ეს იყო "ტეტრარქია", ოთხთა მმართველობა.
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, მირიან მეფე ფლობდა ქართლს, სომხეთს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ადარბადაგანს. როცა იგი დარუბანდში იყო წასული ხაზარების მოსაგერიებლად, რომის იმპერიას ველური გერმანული ტომები შეესივნენ. ბრძოლის ველზე გუთების მეფემ რომაელთა ერთ-ერთ კეისარს ერთი ერთზე შერკინება მოსთხოვა. კეისარმა ხრიკი იხმარა, თავისი ჯაჭვ-საჭურველი სომეხთა მეფის გოლიათ ძეს თრდატს (ტირიდატს) ჩააცვა და თავის მაგივრად გაუშვა გერმანელთა ბელადთან საბრძოლველად. თრდატმა დაამარცხა გუთი და შეიპყრო. გერმანელები გაიქცნენ.
რომაელებმა დაუფასეს თრდატს. კეისარმა ჯარი მისცა და არმენიაში გამოაგზავნა. თრდატმა ისარგებლა სპარსეთში ტახტისთვის ატეხილი ძმათაშორისი ომით და სომხეთის ტახტი დაიბრუნა, თუმცა დროებით. მას კვლავ მოუწია რომში გაქცევამ.
იმ პერიოდში კაბადოკიაში ცხოვრობდა წარჩინებული ზაბულონი, წმიდა გიორგის მეგობარი და ნათესავი. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი იყო წარმოშობით მოსხი-მესხი, ელინიზებული. ზაბულონი შევიდა მაქსიმიანეს სამსახურში, რომელიც რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილებს განაგებდა. ზაბულონმა ფრანკების წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა, როგორც მხედარმა და სარდალმა. მან დაამარცხა გალები და ფრანკები. შემდეგ გამოსთხოვა მათი ბელადების სიცოცხლე მაქსიმიანეს და რომის პაპის კურთხევით ფრანკთა ტომები ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამის მერე ზაბულონი დაბრუნდა კაბადოკიაში, იქორწინა იერუსალიმის მომავალი პატრიარქის, იობენალის დაზე, სოსანაზე, რომელიც ასევე,
წმიდა კონსტანტინე იმპერატორი და დედამისი, წმიდა ელენე
ალბათ, მოსხი იყო. მათ შეეძინათ ასული ნინო.

მაქსიმიანე კეისარს მრავალი თავგადასავალი გადახდა. იგი დიოკლიტიანეზე არანაკლებ ვერაგი და გაიძვერა იყო, ქრისტიანთა მდევნელი და მატყუარა, თუმცა ნაკლებად ნიჭიერი. მაქსიმიანემ ბოლოს თავი მოიკლა, რადგან კონსტანტინე ქლორუსის ძეს და მემკვიდრეს - კონსტანტინე იმპერატორს განძი მოჰპარა და აუჯანყდა. კონსტანტინე მისი სიძე იყო, მან მოხუცი მაქსიმიანე, საკუთარი ძის _ მაქსენციუსის მიერ დევნილი, შეიწყნარა. თუმცა მაქსიმიანემ ღალატით უპასუხა.
კონსტანტინე იმპერატორმა 313 წელს გამოსცა მილანის ედიქტი, რითაც დასრულდა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. კონსტანტინე თავადაც მოინათლა, ჩაატარა მსოფლიო საეკლესიო კრება, დედასთან, ელენე დედოფალთან ერთად გააქრისტიანა რომის იმპერიის დიდი ნაწილი და საბერძნეთი. ქრისტიანულმა სამყარომ კონსტანტინე და ელენე წმინდანებად აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე გაქრისტიანებამდე დიდად ცოდვილი იყო. თავისი შვილიც კი მოკლა.
მეთერთმეტე საუკუნეში საფრანგეთში, მარსელში იპოვეს მაქსიმიანეს სარკოფაგი. მისი დაბალზამებული, კარგად შენახული ცხედარი მარსელის არქიეპისკოპოსის ბრძანებით, როგორც ქრისტესა და წმინდა კონსტანტინე იმპერატორის მტრისა, ზღვაში გადააგდეს. ლეგენდის მიხედვით, სადაც ქრისტიანთა ვერაგი მტრის გვამი ჩავარდა, ზღვა განუწყვეტლივ მძვინვარებს ქარიშხლისგან.
298 წელს გალერიუსმა დაამარცხა სპარსეთი. ნისიბინის ზავით იბერია, სომხეთი და მესოპოტამია რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. თრდატმა ტახტი დაიბრუნა.
ამის შემდგომ, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, კონსტანტინე იმპერატორმაც დაამარცხა სპარსელები და მათი მოკავშირე მირიან III, იბერიის (ქართლის) მეფე. მირიანმა მას თავისი ძე ბაქარი მისცა მძევლად.
მირიანი და თრდატი დიდხანს მტრობდნენ ერთმანეთს. ხან მირიანი აოხრებდა არმენიას, ხან თრდატი ესხმოდა თავს ქართლს. ვერც ერთს ვერ გაემარჯვა. ვერც ვერავინ მოკლა თრდატი, რამეთუ იყო დიდად ძლიერი, გოლიათი. ბოლოს კონსტანტინე კეისრის ჩარევით დაზავდნენ და დამოყვდრდნენ მირიანი და თრდატი.

მირიანის ძე რევი დააქორწინეს თრდატის ასულ სალომეზე. საზღვარიც კონსტანტინემ განუჩინა მათ. ის ტერიტორიები, რომელზედაც მდინარე
წმიდა ნინო
ები მიემართებიან სამხრეთით და შეერთვიან არაქსს, არმენიის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო ის მიწა-წყალი, რომლის მდინარეებიც ჩრდილოეთით მიედინებიან და მტკვარს შეერთვიან, ქართლად იქნა აღიარებული. სხვათა შორის, ეს იმ დროისთვის ეთნიკურად სამართლიანი და გეოსტრატეგიულად გამართლებული იყო. ამის მერე ქართლს და არმენიას ბამბაკის მთები ყოფდა. სამწუხაროდ, დღეს ასე აღარაა.

ნინოს მშობლები ზაბულონი და სოსანა მონასტერში შედგნენ. ნინოზე მისი ბიძა, იერუსალიმის პატრიარქი ზრუნავდა. ნინო ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშობით, გლახაკთა მოწყალებით და სათნოებით.

მას განსაკუთრებით აინტერესებდა ქრისტეს ცხოვრების დეტალები. ერთხელ სარა ნიაფორმა, დვინელმა სომეხმა, რომელსაც უვლიდა წმიდა ნინო, უამბო ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის შესახებ. წმიდა ნინო ძალიან დაინტერესდა ქრისტეს ჯვრით, კვართითა და არდაგით(სუდარით), რომელშიც გაახვიეს იესუ ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ.
  სომეხმა სარა ნიაფორმა უთხრა მას, რომ ქრისტეს კვართი იყო მცხეთაში, ქრისტეს სუდარა ქრისტეანედქმნილმა პილატეს ცოლმა წაიღო პონტოში ლუკა მახარებელთან. ახლა ის დაკარგულიაო (ქრისტეს სუდარა ახლა ნაპოვნია, ის ტურინის სუდარის სახელითაა ცნობილი, მასზე სასწაულებრივად ქრისტეს გამოსახულებაა აღბეჭდილი). ჯვარი იერუსალიმშია დამარხული, ოღონდ სად - მხოლოდ ღმერთმა იცისო.

გავიდა ხანი. იერუსალიმში ქალაქ ეფესოდან წარჩინებული დედაკაცი ჩავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად.
ერთხელ სიონის მთის ვენახებთან წმიდა ნინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში - მცხეთაში სახარების საქადაგებლად. დედაღვთისამ გადასცა წმიდა ნინოს ვაზის რტოსგან გაკეთებული ჯვარი და უთხრა: "ესე იყოს მცველი შენი და ამით სძლიო ყოველთა წინააღმდგომთა შენთა. და წარემართოს ქადაგებაჲ შენი და მე ვიყო შენ თანა და არა დაგიტეო შენ".
წმიდა ნინომ ყოველივე უამბო იერუსალიმის პატრიარქს. მან დალოცა დისშვილი და ეფესოელ ქალს გააყოლა. ეფესოში წმიდა ნინომ გაიცნო მთავრების შთამომავალი ქალი, რიფსიმე, რომელიც ქრისტეს სჯულს აზიარა. თურმე, რიფსიმეს სილამაზის ამბავი დიოკლიტიანეს შეუტყვია და მისი ცოლად მოყვანა გადაუწყვეტია. ქრისტიან რიფსიმეს თავი ქრისტესთვის ჰქონდა მი
ძღვნილი და არ შეეძლო, ქრისტიანთა მმუსვრელ დიოკლიტიანეს გაჰყოლოდა. ამიტომ იგი, მისი გამზრდელი გაიანე, წმიდა ნინო და ოცდაათი ახლად მოქცეული ქალი გაიპარნენ ეფესოდან. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი თრდატ მეფის სამეფოს, არმენიას მიადგნენ. დიოკლიტიანემ შეიტყო მათი ამბავი და მისწერა თავის ქვეშევრდომს, გოლიათ თრდატს, რომ მოეძებნა რიფსიმე და მიეძღვნა მისთვის.

თრდატმა შეიპყრო წმიდა დედების დიდი ნაწილი. იგი მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და განიზრახა, თავისთვის დაეტოვებინა. რასაკვირველია, წმიდა რიფსიმე არ დათანხმდა. თრდატმა აწამა მისი გამზრდელი გაიანე, მხლებლები და თავად რიფსიმეც. ყველა სიხარულით შეხვდა ქრისტესთვის წამებასა და სიკვდილს.
როგორც ამბობენ, ღმერთმა არ აპატია თრდატს მის წინააღმდეგ გალაშქრება და გადმოცემის მიხედვით ღორად გადააქცია, სანამ არ  მოინანიაო. აქ ალბათ სიმბოლიკაა და რამე ფსიქიკური დაავადება იგულისხმება.  მას შემდეგ რაც შეინანა სომეხტა მეფემ, მას ეპატია და დაუბრუნდა ადამიანის სახე.
  წმიდა ნინო სასწაულებრივად გადაურჩა თრდატის მიერ დატყვევებას. მას ხმა შემოესმა ზეციდან, რომელმაც ჩრდილოეთით, მცხეთისკენ წასვლა უბრძანა.
მრავალი გაჭირვების მერე წმიდა ნინო მოადგა იბერიის დედაქალაქს, მცხეთას. აქ უკვე გავრცელებულიყო ამბავი თრდატის ღორად და ისევ კაცად გადაქცევის შესახებ. იბერები თავადაც შეესწრნენ სასწაულს. უფალმა წმიდა ნინოს ლოცვით ჭექა-ქუხილი მოუვლინა მცხეთას და დაამხო წარმართული კერპები. გავიდა სამი წელი. წმიდა ნინომ მრავალი მცხეთელი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
ამასობაში, როგორც ზემოთ ვახსენეთ, კონსტანტინე მეფემ კიდევ ერთხელ დაამარცხა სპარსელები. გადმოცემით, წმიდა კონსტანტინემ ბრძოლის წინ ცაში ჯვარი იხილა და ეუწყა, ამით გაიმარჯვებო. იგი მყარად დაადგა ქრისტიანულ გზას. მალე წმიდა კონსტანტინესა და მისი დედის, წმიდა ელენე დედოფლის მეცადინეობით იერუსალიმში იპოვეს ქრისტეს ჯვარი. მასზე მიკარებით სნეულები სასწაულებრივად იკურნებოდნენ.
წმიდა ნინოს მიერ მოხდენილმა სასწაულებმაც დიდი შედეგი გამოიღო და ქრისტიანულად მოინათლნენ ქართლის (იბერიის) მეფე და დედოფალი, წმიდა მირიანი და წმიდა ნანა. ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს იყო დაახლოებით 317-318 წლებში.
თავხედი ელჩის ცემა თამარ მეფის კარზე
გია მამალაძე


ლადო გუდიაშვილის ნახატო, რომელიც ამ ამბავს გადმოგვცემს (1945)
დიდი საქართველო ავიწროებდა თურქულ სამფლობელოებს და ზედიზედ ათავისუფლებდა ძველქართულ და სომხურ ქვეყნებს და სხვა ტერიტორიებს მაჰმადიანთაგან.
ერთი ასეთი იყო ქალაქი კარი (ყარსი), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქართველთა და მაჰმადიანთა ბრძოლის ასპარეზად ქცეულიყო. კარი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი იყო, სოლივით შემოჭრილი დიდი საქართველოს ტერიტორიებში. კარი და მისი მიმდგომი ქვეყანა უძველეს დროში ქართული ტომებით იყო დასახლებული, შემდეგ იქ, საუკუნეების განმავლობაში, სომხები მომრავლდნენ და დაიკავეს. აქ არსებობდა ანისის სომხური სამეფოდან გამოყოფილი ყარსის, ასევე, სომხური სამეფო. მცირე აზიაში სელჩუკთა შემოჭრის მერე ბიზანტიამ მიიერთა. შემდეგ მაჰმადიანებმა დაიკავეს. თამარის ხანისთვის ქალაქ კარში და მის გარშემო მოსახლეობის დიდი ნაწილი სომხური იყო, ასევე ცხოვრობდნენ თურქები, ქურთები, ქართველები...
ყარსი განთქმული გახლდათ თავისი ხელოსნებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სავაჭრო თვალსაზრისითაც. 
თამარ მეფის ჯარმა დაიკავა ყარსი. ქალაქი და მისი მიმდგომი ტერიტორია ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ქალაქი მეფე თამარმა სამართავად ივანე ახალციხელს გადასცა და უბოძა კარის ათაბაგობა, ამირთა-ამირობა და მონაპირეობა დაავალა. მონაპირეობა მოსაზღვრე ტერიტორიების რბევას ითვალისწინებდა და ქართველთა სამფლობელოების გავრცელებას. ყარსის შემოერთებით ჩრდილო სომხეთის ტერიტორიები უკვე მთლიანად მოექცა საქართველოს სახელმწიფოში. 
ივანე ახალციხელმაც კარგად გაართვა თავი დავალებას და მთელი პროვინცია გაწმინდა თურქული შენაერთებისგან. წინ არზრუმი და ერზინკა იყო. საქართველო ამ ტერიტორიების შემოერთებას გეგმავდა. შიშის ზარი დაუდგათ არზრუმელ და ერზინკელ მმართველებს, რომლებიც აღიარებდნენ რუმის სულთნის სუზერენობას. 
რეგიონში გადამწყვეტი მომენტი დადგა – საქართველოსა და იკონიის (რუმის) სასულთნოს დაჯახება გარდაუვალი გახდა.
თურქ–სელჩუკები ვერ ურიგდებოდნენ საქართველოს გაძლიერებას. ამ დროს ყველაზე დიდ თურქულ სახელმწიფოს – რუმის სასულთნოს მართავდა სულთანი რუქნადინი – რუქ-ალ-დინ სულეიმან შაჰი (სულეიმან მეორე). ქართული წყაროები მას უწოდებენ ნუქრადინს და ნუქარდინს, ჩარასლანის ძეს. ამ სულთანმა თავისი ძმა, ყიასედ-დინქეი ხუსრევი, ტახტიდან ჩამოაგდო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. ამის მერე დაიმორჩილა თავისი მეორე ძმა, მალათიის გამგებელი მუიზ-ედ-დინ-კაისურ შაჰი. დაიმორჩილა თავისი სიძეც, ფაჰრუნ-დინ-ბეჰრამი და მთელი იკონიის იმპერიის ერთპიროვნულ მმართველად იქცა. მისი ხელისუფლება ცნო მაჰმადიანთა სულიერმა ლიდერმა, ბაღდადის ხალიფა ნასირ ადდინმა.
საქართველოსა და რუმის სასულთნოს მანამდე დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ. ვითარება შეიცვალა და რუქნადინმა გადაწყვიტა საქართველოს განადგურება.
სულთანმა არ დაიშურა ოქრო-ვერცხლი დიდი კოალიციის შეკრებისთვის. მთელ მესოპოტამიაში (შუამდინარეთში), კილიკიაში, გალატიაში, ანკარაში, კაბადოკიაში, ბითვინიაში, სირიაში, ერზინკაში, არზრუმსა და მცირე აზიის თურქულ ტომებში შეიკრიბა დიდი ლაშქარი საქართველოზე გამოსალაშქრებლად. 
მარტო უჯის ტომებიდან 100 000 მეომარი გამოიყვანაო, გვიამბობს ბასილი ეზოსმოძღვარი. თავისი ნების საწინააღმდეგოდ არზრუმელები და ერზინკელები ჩაურთია დიდ სულთანს ამ ლაშქრობაში. კარნუ-ქალაქის (არზრუმის) მმართველი სალდუხის ძე გადააყენა იკონიის სულთანმა, რადგან წინააღმდეგი იყო საქართველოზე გალაშქრებისა და მის ნაცვლად, თავის ძმას ჩააბარა არზრუმი.
იდგა 1203 წელი.
როგორც გვამცნობს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი, რუქნადინს საქართველოსთან საომრად შეუკრებია 400 000 მაჰმადიანი. ბასილი ეზოსმოძღვარი კი 800 000-ს ასახელებს. ალბათ, ეს ორივე ცნობა გადაჭარბებულია. თუმცა, სამხედრო რესურსი მაჰმადიანებს გაცილებით მეტი ჰქონდათ და ქართველთა ჯარზე გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო მათი არმია.
თურქ-სელჩუკთა ჯარი შეიკრიბა ერზინკის სასულთნოში. გაამზადეს საბრძოლო მანქანები. იხილა რა ასეთი მრავალრიცხოვნება და მომზადებულობა თავისი არმიისა, „აღზვავდა გულით“, დაივიწყა ქართველთა მეფისთვის მიცემული მშვიდობის აღთქმა და თავხედური წერილი გამოუგზავნა ქართველთა მეფეს, რითაც დაარღვია იმ დროს არსებული დიპლომატიური წესები.
ქართველთა დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია რუმის სასულთნოში მიმდინარე საომარი სამზადისის შესახებ. მანამდეც იყო ვარაუდები, რომ რუქნადინის არმია საქართველოს დასალაშქრავად წამოვიდოდა. თურქ-სელჩუკები ვერ ურიგდებოდნენ საქართველოს გაძლიერებას და ტერიტორიების დაკარგვას.
მაინც დიდი პატივით მიიღეს სელჩუკიანთა ელჩი ტფილისის სასახლეში.
სულთნის ამპარტავანი ელჩი გაჯგიმული წარდგა აფხაზთა, ქართველთა, სომეხთა და რანთა მეფის, შირვანშასა და შაჰანშას, სრულიად კავკასიის მპყრობელის წინაშე და დაიწყო თავხედური წერილის კითხვა.
„მე, სულთანი რუქნადინი, ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოზებივით ღმერთის თანამდგომი, მოვლინებული დიდი მუჰამედისგან, გაცნობებ მეფე თამარს:
„ყოველი დიაცი რეგვენია. 
შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება და მაჰმადის მიმდევართა ხოცვა და მათი თავისუფლების წართმევა, მათთვის ხარკის დადება.
ახლა მე მოვდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რათა ქართველობამ აღარასდროს გაბედოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა.
ცოცხალს დავტოვებ მხოლოდ მას, ვინც იჩქარებს, მოვა ჩემს კარავთან, თაყვანს მცემს, აღიარებს ისლამს, უარყოფს ქრისტეს და დაამსხვრევს ჯვარს.
ეს იქნება სამაგიერო იმისთვის, რაც დაუშავე შენ ჩვენს მონათესავეებს“.
როცა ამ  უკადრებელი წერილის კითხვა დაასრულა რუქნადინის დესპანმა თამარ მეფისა და ქართველი დიდებულების წინაშე, დაამატა სულთნის მიერ პირადად დაბარებული სიტყვები:
„თუ თქვენი მეფე დაუტევებს ქრისტეს სარწმუნოებას და მიიღებს ისლამს, სულთანი მას ცოლად მოიყვანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარჭად დაისვამს“...
საერთოდ, ელჩი ხელუხლებელია, მისი დაპატიმრება, შეურაცხყოფა, ცემა, მოკვლა, არ შეიძლება. მხოლოდ ძალიან ველურები ექცეოდნენ ელჩებს ცუდად. მაგრამ, ასეთი თავხედობა, უზრდელობა და ამპარტავნობა არ ენახათ და არც გაეგონათ საქართველოს სამეფო კარზე. ვერც მოითმინეს. წამოდგა ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი და სთხლიშა ხელი თავხედ თურქს.
უზრდელი სულთნის უზრდელი დესპანი უგონოდ დაეცა და როგორც მკვდარი „იდვა“.  ასეთ საქციელს თამარის წინაშე ვერ გაბედავდა ზაქარია მხარგრძელი, მაგრამ იმდენად უტიფრად და უზრდელად მოიქცა სულთნის წარმოგზავნილი, რომ ცერემონიების წესები დაარღვია.
მხარგრძელის მუშტისგან გულწასული ელჩი რომ მოასულიერეს და წამოაყენეს, მხარგრძელმა მკაცრად უთხრა: „ელჩი რომ არ იყო, ენას ამოგაცლიდით, მერე კი თავს წაგაგდებინებდით ასეთი კადნიერებისათვის.“
ღვთისნიერმა თამარმა შეიწყალა უზრდელი ელჩი. პირიქით, აჩვენა მას ქართველთა ხასიათი და უხვად დაასაჩუქრა, თუმცა საპასუხო წერილის მოცდა უბრძანა.
სასწრაფოდ მოხდა ქართული სამხედრო ნაწილების მობილიზაცია, მცირე ვადებში. ჯარი შეიკრიბა ჯავახეთში. ყარსიდან და სხვა ქალაქებიდან არზრუმისა და ერზინკის მიმართულებით მიმავალი ქარავნები შეაჩერეს, რათა არ გაეჟონა ინფორმაციას ქართული ჯარის მობილიზაციის შესახებ. 
დაიძრა ქართული არმია რუქნადინის ჯარის შესახვედრად. 
სულ მალე ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს ქართველებმა თურქებზე. სირცხვილნაჭამი სულთანი ბრძოლის ველიდან გაიქცა. არზრუმმა და ერზინკამ საქართველოს ყმადნაფიცობა იკისრეს.

მეფეთა-მეფე თამარის პოზიცია ჯვაროსანთა III და IV ლაშქრობებისადმი (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი

მეფეთა-მეფე თამარის პოზიცია ჯვაროსანთა III და IV ლაშქრობებისადმი

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“
წიგნი I
ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე
წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

საქართველოს სამეფოს დამოკიდებულება ჯვაროსნული ლაშქრობებისადმი ჯერ კიდევ მოითხოვს სათანადო შესწავლას, თუმცა ეს პრობლემა უყურადღებოდ არ არის დატოვებული. ამას შეეხო ბევრი მეცნიერი-მკვლევარი (ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკაბაძე, შ. ამირანაშვილი, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, ე. მეტრეველი. განსაკუთრებით ზ. ავალიშვილი და შ. ბადრიძე). საკითხი მაინც ბოლომდე არაა ნათელი. ბევრი მოვლენა ძალზე ბუნდოვანია და ახლებურ მიდგომას მოითხოვს. დავით აღმაშენებელმა ბრძოლა სელჩუკთა წინააღმდეგ დაამთხვია პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას. 1096 წელს ქ. კლერნოში პაპი ურბან VIII-ის მოწოდებისთანავე საქართველოში დაიწყეს მოძრაობა ქვეყნის გამოხსნისათვის. 1099 წელს ჯვაროსნებმა აიღეს ქ. იერუსალიმი. დავით აღმაშენებელმაც შეწყვიტა ,,ხარაჯა“ (ე.ი. ხარკი). დავით IV-ის მთელი მოღვაწეობა მიმართული იყო კავკასიიდან თურქ-სელჩუკთა განდევნისაკენ. მან გაათავისუფლა ქვეყანა, გააერთიანა, შექმნა ,,ყოველი საქართველო“, რომელიც გადააქცია საერთო-კავკასიური იმპერიის მეტროპოლიად. ამ მეფის 36-წლიანი ბრძოლა, უფრო მეტად, ბოლო 25-26 წელიწადი იყო ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის ერთი ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი ეტაპი. არსებობს მოსაზრება, რომ ქართველთა საგანგებო რაზმები მონაწილეობდნენ ქ. იერუსალიმის აღებაშიც. მოგვიანებით კი, 1100-1125 წლებში ქართველთა მუდმივი შეტევები სელჩუკიანებზე გახდა სირია-პალესტინის ჯვაროსნული სახელმწიფოების (იერუსალიმის სამეფო, ედესის სამთავრო, ანტიოქიის სამთავრო) აღმოსავლეთიდან დაცვის საიმედო გარანტია. ქართველთა დამსახურებაა ისიც, რომ ვერც იკონიამ და ვერც აღმ. თურქთა გაერთიანებებმა ვერ შეძლეს, განეხორციელებინათ აქტიური ღონისძიებები ჯვაროსანთა წინააღმდეგ. ამ მხრივ აღსანიშნავია დიდგორის მსოფლიო მნიშვნელობის ომის მოგება. ისლამის ლაშქარი, რომელსაც ხალიფას ნაბოძები ,,ღაზთ“ დროშა უძღოდა, გამარჯვების შემთხვევაში ილღაზის სარდლობით აუცილებლად შებრუნდებოდა პალესტინისაკენ. ეს კარგად ესმოდათ ჯვაროსნებსაც, ამიტომაც ევროპელი რაინდები მონაწილეობდნენ დიდგორის ომში (გოტიე). დავით აღმაშენებელს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა იერუსალიმის პირველ მეფე ბოდუენ I-თან, აგრეთვე ედესისა და ანტიოქიის მმართველებთან: პალესტინის ქართულ მონასტრებში შემონახულია ჯვაროსან რაინდთა მოსახსენებლებიც (იხ. მაგ. 1156 წლის ვინაქსარი). სავარაუდოა, რომ საქართველოში არსებობდა ტამპლიერების ორდენის ქართული ფილიალიც. მეფე დავით IV-მ სახელმწიფო მოაწყო სელჩუკთა იმპერიის სამხედრო თარგზე. ამავე დროს აშკარად იგრძნობა ევროპული სამხედრო წყობის ნიშნებიც. საილუსტრაციოდ გამოდგება დავითისეული ტაძრეულთა ინსტიტუტი.
ჯვაროსანთა მეორე ლაშქრობა მოეწყო 1147-1149 წლებში. დავით IV-ის სიკვდილის შემდეგ შესუსტდა ქართველთა დაწოლა სელჩუკებზე, რაც აისახა მაჰმადანთა შეტევებით სირია-პალესტინაში. მათ შეძლეს ქ. ედესის აღება. ევროპიდან დაიძრა რაინდთა ახალი ლაშქარი, საფრანგეთის მეფე ლუი VII-ისა და გერმანიის იმპერატორის კონდრატ III-ის მეთაურობით. ამ ეტაპზე საკმაოდ გამწვავდა ურთიერთობა ბიზანტიასა და ევროპელებს შორის. სამწუხაროდ, ქართველთა როლი მეორე ლაშქრობის დროს თითქმის უცნობია. შეიძლება დავუშვათ ვარაუდი, რომ საქართველოს სამეფო კარმა ვერ გამოკვეთა თავისი პოზიცია. ეს გამოწვეული იყო ორი მიზეზით: 1. დემეტრე II-ს შეექმნა საშინაო სირთულეები; მოუხდა კონფლიქტი თავის ნახევარ ძმა ვახტანგთან. ვახტანგი, ანუ მეტსახელად ცვატა, დედის მხრიდან იყო დავით IV-ის მეორე მეუღლის ათრაქა შარაღანის ძის ასულის ვაჟი. ის აუჯანყდა ნახევარ ძმას, მოიშველია მამისეული ანდერძი ხელისუფლების გაყოფის შესახებ. ვახტანგ-ცვატას მხარი დაუჭირეს ყივჩაღებმა. დემეტრე II-მ მოახერხა მეამბოხე ძმის დამარცხება, მაგრამ ,,ბორგნეულობა“ ქვეყნის შიგნით გრძელდებოდა. მეფეს ეწინააღმდეგებოდნენ სომხითარი ფეოდალები და სამხედრო პირთა ერთი ძლიერი ჯგუფი (თირბაში). მათ სათავეში ედგა დემეტრე II-ის უფროსი ვაჟი დავითი; 2. ბიზანტია-ჯვაროსანთა დაპირისპირებაში დემეტრე II-ს არ სურდა გამოემჟღავნებინა საკუთარი დამოკიდებულება.
საქართველოს შიდა-პოლიტიკური კრიზისი დასძლია გიორგი III-მ. მან დაიახლოვა ხუდან ოვსთა მეფე. წინ წამოსწია ალან-ოსები და ყივჩაღთა თანაფარდი ძალა შექმნა. მეფე დაქორწინდა ხუდან ოვსთა მეფის ქალიშვილზე, უმშვენიერეს ბურდუხანზე. მოაწესრიგა რა საქმეები ჩრდილოეთ კავკასიაში, გიორგი III-მ განაახლა ბრძოლა სომხეთის შემოერთებისათვის. იგი წარმატებული ბრძოლებით უახლოვდებოდა პალესტინას. ჯვაროსნებმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს საქართველოსთან. მაინც ბოლომდე გახსნილი არ არის გიორგი III-ის დამოკიდებულება ,,პალესტინის სიწმინდეების“ დაბრუნებისათვის ბრძოლაში.
მეფეთა-მეფე თამარის ეპოქაში მოეწყო ჯვაროსანთა მესამე და მეოთხე ლაშქრობები. ამჯერად ქართველებს აუცილებლად ნათლად უნდა გამოეკვეთათ პოლიტიკური ორიენტაცია. საქართველო თავისთავად ჩავარდა უხერხულ სიტუაციაში. ქვეყანა იყო მართლმადიდებლურ-ქრისტიანული, ე.ი. ის ვერ გაემიჯნებოდა მსოფლიო ქრისტიანთა საერთო ბრძოლებს. სირია-პალესტინაში მრავლად იყო ქართული მონასტრები, რის გამოც ქართველებს წმინდა ადგილებში ჰქონდათ საკუთარი ინტერესებიც. ბრძოლა მაჰმადიანობასთან ნიშნავდა ეროვნული კულტურის გადარჩენასაც. მაშასადამე, ქართველები ბუნებრივად იყვნენ ჯვაროსანთა მოკავშირეები. მაგრამ არსებობდა საკითხთა მთელი წყება, რომლებიც მოითხოვდა სახელმწიფოებრივი ამოცანების რელიგიურზე მაღლა დაყენებას. უვე გამოკვეთილი იყო ბიზანტია-ჯვაროსანთა ურთიერთმეტოქეობა. აღარ არსებობდა სელჩუკთა ერთიანი იმპერიაც. საქართველო თვითონ იძენდა იმპერიულ ამბიციებს. ღვთისმოსავი იყო მეფეთა-მეფე თამარი, მაგრამ იმოქმედა მშრალი გონების, და არა რელიგიური აღმაფრენის კარნახით. საქართველოს სამეფო კარმა დიპლომატიური თამაში დაიწყო: დაარწმუნა მისადმი ლოიალობაში. დაუახლოვდა ევროპელ ჯვაროსნებს (განსაკუთრებით, გერმანელებს) და ერთდროულად აღუთქვა მაჰმადიანური სამყაროს მაშინდელ ლიდერს, ეგვიპტის სულთან სალადინს, რომ არ დაესხმოდა თავს (იხ. მისი ,,ფიცის წიგნი“).
ქართული დიპლომატიის ისტორიაში თამარის დამოკიდებულება ჯვაროსანთა III და IV ლაშქრობებისადმი ჭეშმარიტად არის ტრიუმფის ხანა. რთულ მოვლენათა მთელი კომპლექსი პოლიტიკურ ,,გორდიასის კვანძს“ წარმოადგენდა. მოკლედ განვიხილოთ დიპლომატიური თამაშის არსი:
ა) ბიზანტია - ეს სახელმწიფო აღარ წარმოადგენდა საქართველოს ბუნებრივ მოკავშირეს. საქართველო ყოფილ სიუზერენს აღიქვამდა სუსტ მეტოქედ. მეფეთა-მეფე თამარი აღშფოთებული იყო ქ. კონსტანტინოპოლში მომხდარი გადატრიალებით. მას არ მოეწონა, რომ მისი ნათესავები კომნენები ხელისუფლებას ჩამოაცილეს. იგი წინააღმდეგი იყო ანგელოსთა დინასტიის გაბატონებისა. ამ დროს უკვე შემუშავებული იყო ,,ახალი ბიზანტიის“ შექმნის იდეა. ბიზანტიის იპერია გაიყოფოდა ორ ნაწილად და ორივესგან აღსდგებოდა კომნენთა კეისრობა. ჯერ-ჯერობით საქართველოს არ სურდა ბიზანტიასთან ომი. არ იყო დასრულებული კავკასიის შემომტკიცება, თუმცა არც ბიზანტიის გაძლიერება აძლევდა ხელს. ამიტომაც თამარის დიპლომატები დაუკავშირდნენ გერმანელ-ფრანგ ჯვაროსნებს;
ბ) ჯვაროსნები - საქართველო აშკარად ვერ გამოვიდოდა ჯვაროსანთა დამხმარედ. ეს გამოიწვევდა მეზობელი ისლამური ქვეყნების საპასუხო რეაქციას. საქართველო უტევდა ამ ერთეულებს, მაგრამ არა ქრისტეს სახელით, არამედ ,,სამართლიანობის“ პოზიციიდან. ქართველებს მაჰმადის შინაური რელიგიური ლოზუნგები არ გამოუყენებიათ. აქედან გამომდინარე, არ დასმულა საკითხი პალესტინაში სამხედრო ექსპედიციის გაგზავნის შესახებ, მაგრამ ქართველმა დიპლომატებმა აღუთქვეს ჯვაროსნებს, რომ მათი პალესტინისაკენ დაძვრისთანავე დაუყოვნებლივ შეაკავებდნენ მეზობელ მაჰმადიანურ ქვეყნებს. როგორც ჩანს, ჯვაროსნებმა უფრო მტკიცე გარანტიები მოსთხოვეს საქართველოს. კერძოდ, წამოიჭრა საკითხი დინასტიური ქირწინების თაობაზე. გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ II ბარბაროსა სთავაზობდა მეფე თამარს თავის ერთ-ერთ ვაჟს. საქართველოში ამ წინადადებას უყურადღებოდ არ შეხვედრიან. ამ ქორწინებაში ბევრი ხედავდა ბიზანტიის მმართველი დინასტიის საწინააღმდეგოდ ბაგრატიონების და გერმანიის საიმპერატორო გვარის შტაუფენების დამოყვრებას. ეს კავშირი გასდებდა მტკიცე ხიდს საქართველო-გერმანიას შორის, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა გავლენის სფეროების გაყოფა მცირე აზიაში. მეფე-ქალის დაქორწინება იყო უდიდესი პოლიტიკური აქტი. თამარის ხელის ყველა მთხოვნელი ასახავდა რომელიმე პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისს. მთხოვნელთა შორის იყვნენ ევროპელი პრინცები. ჯვაროსნული სახელმწიფოების მთავართა შვილები, ჩრდილოეთ კავკასიელი უფლისწულები, მაჰმადიანურ-პოლიტიკური ერთეულების მმართველთა ნაშიერები. საქართველოს სამეფო კარმა ორგზის განიხილა ეს საკითხი. პირველად თამარის მეუღლედ შეირჩა გიორგი-იური ანდრიას ძე რიურიკოვიჩი, მეორეჯერ - დავით-სოსლან ბაგრატიონ-ეფრემის ძე. ორივეჯერ გაიმარჯვა ჩრდ. კავკასიურმა ორიენტაციამ. ეს შემთხვევითი არ იყო. როდის უნდა მომხდარიყო ფრიდრიხ II ბარბაროსას წინადადების შემოთავაზება? ალბათ 1185-1187 წ.წ.-ში, ე.ი. თამარის პირველსა და მეორე ქორწინებას შორის პერიოდში. შტაუფენების წინადადება ქორწინების შესახებ უარყოფილ იქნა, მაგრამ დაიდო პოლიტიკური კავშირი საქართველო-გერმანიას შორის, რაც გამოჩნდა ჯვაროსანთა IV ლაშქრობის დროს;
გ) 1190 წელს საქართველომ დაიწყო ხანგრძლივი ომი ირანელი და მცირე აზიელი თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ქართველთა შეტევა დაემთხვა ჯვაროსანთა III ლაშქრობას. გააფორმა რა სალადინთან ,,ფიცის წიგნი“, საქართველომ მძაფრი დარტყმა მიაყენა ეგვიპტის ბუნებით მოკავშირეებს. ეგვიპტე მარტო შერჩა ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულის, გერმანიის იმპერატორის ფრიდრიხ ბარბაროსას და საფრანგეთის მეფე ფილიპე ოგიუსტ II-ის რაინდებს.
ჯვაროსანთა III ლაშქრობა დამარცხდა ბიზანტია-ევროპელთა ურთიერთწინააღმდეგობის გამო. დაზარალდნენ ბიზანტიელებიც და ჯვაროსნებიც. არაფერი წაუგია მხოლოდ საქართველოს; დასუსტდა ბიზანტია, სალადინმა გაიმარჯვა, მაგრამ არ შეხებია ქართულ მონასტრებს. საქართველომ მნიშვნელოვანი ტერიტორიები შეიძინა კავკასიაში და მცირე აზიაში.
1199 წელს დაიწყო ჯვაროსანთა IV ლაშქრობისათვის სამზადისი, რაც 1202-1204 წ.წ.-ში ბიზანტიის განადგურებით დამთავრდა. ამ ლაშქრობაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს ვენეციამ და საქართველომ (იხ. საგანგებო თავი ,,ტრაპიზონის საქმე“).
ამრიგად, მეფეთა-მეფე თამარის საგარეო პოლიტიკა ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში ემყარებოდა საერთო-ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. საჯაროდ აცხადებდა რა პოლიტიკური წონასწორობის დოქტრინას, საქართველოს სამეფო კარი ახორციელებდა მოხერხებულ სამხედრო ექსპანსიას, რაც მარჯვედ იყო შემაგრებული კულტურულ-იდეოლოგიური დასაბუთებით. თამარისეული დიპლომატია ჯვაროსნებთან მიმართებაში ემყარებოდა რეალური სიტუაციის ზუსტ შეფასებას. მოგვიანებით თამარის უახლოესმა მემკვიდრეებმა გასაქანი მისცეს მშრალ ანგარიშიანობას მოკლებულ ემოციურ მისწრაფებებს, შედეგიც სავალალო გამოდგა.


დამოუკიდებელი უნივერსიტეტი
,,იბერია“
თბილისი 1994

Thursday, August 10, 2017

ტაოში მიკვლეული წარწერა

ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები

ისტორიულ ტაოში, სოფელ ნუსუნქში, ბარდუსის წყლის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია მასშტაბური ციხის ფრაგმენტები. იკითხება ციხის გეგმა. 2 მეტრზე მეტი სისქის კედლებში ჩართულია კოშკები. ნაგებია საშუალო და მცირე ზომის ქვითა და დუღაბით. ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია დიდი ზომის მრგვალი ავზის ფრაგმენტები. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრამდეა. ადგილობრივები ციხეს ზართიმანს უწოდებენ. ციხე არ არის მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში