Monday, July 31, 2017



საქართველოს 5 ცნობილი ციხესიმაგრე - ისტორიული ცნობები, რომლებიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს
საქართველოს უამრავი ისტორიული ციხესიმაგრე, ციხექალაქი თუ კოშკია. თითოეულს თავისი საინტერესო ისტორია აქვს. ამჯერად 5 ცნობილ ციხესიმაგრეს შევეხებით. 

სურამის ციხე

მდებარეობს შიდა ქართლში, კერძოდ, ხაშურის რაიონის, დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. 

ვახუშტი ბაგრატიონი მის შეხებ ასე წერს: "...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე".
სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული სპარსულ და თურქულ წყაროებში. 
სურამის დღევანდელი ციხესიმაგრე განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში (XI საუკუნე) აიგო. აგებას სურამელთა ცნობილ საგვარეულოს უკავშირებენ, რომელიც XII-XIII საუკუნეებში ქართლის საერისთავოს განაგებდა. მიაჩნიათ, რომ ეს ციხესიმაგრე მათ რეზიდენციას წარმოადგენდა.

აღნიშნული ციხე, როგორც სტრატეგიული პუნქტი, ქართულ ისტორიულ წყაროებში, 1625 წლიდანაა მოხსენიებული, როდესაც ირანელთაგან თავის დასაცავად გიორგი სააკაძემ გაამაგრა. 
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელმაც საქართველოში 1672-1673 წლებში იმოგზაურა, წერს: "სურამი დაბას წარმოადგენს, კიდევ უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისგან შედგება".

სურამის ციხის ირგვლივ XVI-XVIII საუკუნეებში დიდი ბრძოლები წარმოებდა. იმ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს ციხე თურქების ხელში აღმოჩნდა. 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობდა და წყაროებში ისევ "ძლიერ კოშკთა" შორის მოიხსენიება (ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო). 

XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ, 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან თავისი მნიშვნელობა დაკარგა, რადგან გამოეცალა ფუნქცია, რისთვისაც ამ ადგილას ააგეს. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწია...
ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე. 

არსებობს თქმულებაც, თითქოს მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე", რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს: "სურამისა ციხეო,/ სურვილითა გნახეო,/ ჩემი ზურაბ მანდ არის,/ კარგად შემინახეო".

გორის ციხე

გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ იქ ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, რომლის გარშემოც მოსახლეობა ყოფილა. "გორის ციხედ" წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება და მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ აღდგა. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც საფუძვლიანად ერეკლე II-მ შეაკეთა. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე თავის სტრატეგიულ ფუნქციას კიდევ ასრულებდა - იქ რუსეთის არმიის ერთ-ერთი ბატალიონი იდგა. შემდგომში დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე რიყის ქვითაა 
ნაგები, გამოყენებულია ასევე თლილი ქვაც. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს წყლის ამოსაზიდად გვირაბი და წყალსაცავი ჰქონია. გორის ციხე 1920 წლის მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა.

ნარიყალა
უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარსულად ციტადელს, შიდაციხეს ნიშნავს), წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელ მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის მდებარეობს. ნარიყალას ქვემო ეზოში აღდგენილი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა.

ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) გაფართოვდა. შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაცაა შემორჩენილი. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი ადამიანი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. 

პეტრას ციხე

ისტორიული ციხე-ქალაქი პეტრა ეგრისის სამეფოში, ახლანდელი სოფელი ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს. "პეტრა" ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო "ქაჯეთის ციხე" - ქართული. ვარაუდობენ, რომ "ვეფხისტყაოსანში" სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.
პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზეა განლაგებული, ხმელეთის მხრიდან გალავნის გარდა, კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება "პეტრა" - ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ მიიჩნეოდა. ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი ციტადელს მოიცავს, ასევე გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

''პეტრა-ქაჯეთმა'' დიდი ხანია მკვლევართა ყურადღება მიიპყრო და იქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა: პირველი - 1934 წელს ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე - 1953 წელს. 1908 წელს იქ მდიდარი სამარხი აღმოაჩინეს. აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა, რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.

მან ბიზანტიურ ხანაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სიმონ ჯანაშია ამ ციხექალაქის როლს თბილისის როლთან აიგივებდა. აქვე დაარსდა ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. პეტრას საეპისკოპოსო კათედრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. 
პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმავალ ნაოსნებს... 
საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, ირკვევა, რომ იქ ქალაქი აღარ არსებობდა, X საუკუნიდან უნდა გაუქმებულიყო საეპისკოპოსოც, თუმცა ციხემ შემდგომშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ''ქაჯისციხეს'' უწოდებდნენ.

XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და ძლიერად გაამაგრეს. ყირიმის ომის დროს იქ მათ 25 ზარბაზანი ედგათ. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა. ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს XIX საუკუნეში ააფეთქეს.
პეტრა-ციხის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი 1989 წელს დაარსდა.

კოჯრის ციხე (აგარანი) 
კოჯრის ციხესიმაგრე თბილისში, აგარანზე გამავალ დიდ საქარავნო გზაზე იყო. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც "აგარათა ციხე".

იცავდა საქართველოში სამხრეთიდან მომავალ მთავარ გზას. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ აგარანი წაართვა ამირა ფადლონს. "დიდი თურქობის" დროს (1080) ციხეს მტერი დაეპატრონა. 1118 წლის ივლისში დავით აღმაშენებელმა ალყა შემოარტყა აგარანს, ერთ დღეში აიღო და 1123 წელს ივანე ორბელს უწყალობა. 1177 წელს აგარანში გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული დიდგვარიანები გამაგრდნენ. იმავე წელს მეფემ აგარანი აიღო. "აგარათა ციხე" ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, იქ გარდაიცვალა თამარ მეფე. XV საუკუნიდან მას კოჯრის ციხე ეწოდებოდა და სოლაღაშვილებს ეკუთვნოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მას ადრე აზეულას ციხე ერქვა.

მოამზადა ლალი ფაციამ

Sunday, July 30, 2017

თამარ მეფე

ისტორიული ფაქტები

შამქორის ბრძოლა
შამქორის ბრძოლა – 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.
აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.
ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. შამქორს რომ მიუახლოვდნენ, მან ორად გაჰყო ლაშქარი. შედარებით მცირე ნაწილმა ქალაქის კართან გამართა ბრძოლა, უფრო დიდი ნაწილით კი დავით სოსლანმა შამქორი მარჯვნივ მოიტოვა და ღრმა რეიდი განახორციელა მტრის ზურგში. ცუდი და უვალი გზის გამო მის ლაშქარს შეაგვიანდა და ქალაქის კართან მებრძოლ რაზმს ერთხანს გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს დავით სოსლანი წამოეშველა ძირითადი ლაშქრით და ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.
აბუ ბაქრმა გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა განძის ბაღებამდე სდიეს მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები მოართვეს ქართველებს. მალე განძაც მათ დამორჩილდა. შამქორის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარმა დიდი ნადავლი აიღო. ნადავლში იყო ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშაც, რომელიც თამარმა გელათის მონასტერს შესწირა.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველებმა შამქორის ბრძოლაში დაამარცხეს მუსლიმანური ქვეყნების უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი, რომელშიც თითქოს შუა აზიიდან და ინდოეთიდან მოსული ჯარიც კი იყო. სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში მაშინ არ იყო შესაფერისი სიტუაცია კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ქართველებს საქმე ჰქონდათ ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის სამხედრო ძალასთან, რომელსაც შესაძლოა, მეზობელი ამირები მიეშველნენ თავიანთი რაზმებით.
თამარ მეფე
თამარ მეფეს რომ შესანიშნავ განათლებას მისცემდნენ, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. უნდა ითქვას, რომ გიორგი III ოჯახში დიდ ადგილს უთმობდნენ ბავშვების აღზრდას. მართალია, თვითონ გიორგი III ფიცხი ხასიათით და ქალებისადმი სიყვარულით არის ცნობილი, მაგრამ, ალბათ, ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ცნობილია, რომ გიორგი III ორი ქალიშვილი ჰყავდა, თამარი და რუსუდანი. გარდა ამისა, მას ჰყავდა ქორწინების გარეშე ნაშობი ქალიშვილი, რომლის სახელი უცნობია. ის ერთ-ერთ აღმოსავლელ პრინცს მიათხოვეს. გიორგი III ცოლთან არ ჰყავდა ვაჟი და შესაძლოა, სხვა ქალთან ცდილობდა ვაჟის გაჩენას, რომ თავის მემკვიდრედ დაეტოვებინა. მას არ უნდოდა თავისი ძმისწულისთვის, დემნასთვის ტახტის გადაცემა. რაც არაფრით არ არის გამართლებული. სწორედ დემნას აჯანყების დროს, დემნასთან მიმართებაში გამოიჩინა მან სიფიცხე და დაუნდობლობა. მისგან სრულიად განსხვავებულნი იყვნენ მისი ქალიშვილები.
რაც შეეხება აღზრდას, ქართველი უფლისწულები ყოველთვის კარგი აღზრდით გამოირჩეოდნენ, გავიხსენოთ დავით აღმაშენებელი და მისი განათლება. მთელი სკოლა არსებობდა მეფის შვილების აღსაზრდელად. “დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში” არის კიდეც მითითებული რა უნდა იცოდეს მეფემ. გარდა ამისა, როგორც ჩანს, თამარისა და რუსუდანის დედა, ბურდუხან დედოფალი კარგი დედა და აღმზრდელი გახლდათ. გიორგი III და ბურდუხანის შვილებმა ცხოვრება პატიოსნებაში გაატარეს, თამარის კეთილშობილება საზოგადოებისათვის ცნობილია, ხოლო რუსუდანმა კი, დიდი სახელმწიფოს პრინცესამ, რომელსაც შეძლო საუკეთესო საქმრო აერჩია ან ცხოვრებით, ფუფუნებით, გართობით დამტკბარიყო, სხვა გზა არჩია – უფლის სასძლო გახდა და ქალწულობის აღთქმა დადო.
თამარ მეფე და მისი და რუსუდანი მამას არ ჰგავდნენ არც სიფიცხით და არც დაუნდობლობით, არც გართობის სიყვარულით. გარდა ამისა, ძველი დროის წყაროებიდან და ლიტერატურიდან ცნობილია მაშინდელი ქალების, მით უმეტეს პრინცესების შესანიშნავი განათლების შესახებ. თამარ მეფის კარზე დიდ პატივში იყვნენ პოეტები და საერთოდ ხელოვანნი. მეფე შეკვეთებსაც აძლევდა მათ, წაახალისებდა, რათა შეექმნათ ხელოვნების ნაწარმოებნი (“მიბრძანეს”). ასეთი რამ, მთელ კულტურულ მსოფლიოში იყო გავრცელებული.
ჩვენ ვიცით, რომ თამარ მეფე ხელსაქმეობდა, თავისი ხელით მოქსოვილ-შეკერილი სამოსით აცმევდა სასულიერო პირებს. მას აღმზრდელები, აუცილებლად, აზიარებდნენ მას იმ დროს არსებულ ხელოვნების ყველა დარგს და მიღწევას, ყველა შედევრს ლიტერატურისა, რაც ქართულად იქნებოდა თარგმნილი (ან სხვა ენაზეც). რა თქმა უნდა, მისთვის ცნობილი იქნებოდა ბრწყინვალე ქართული ჰიმნოგრაფია (ასევე ბიზანტიური). უნდა ვივარაუდოთ, რომ წერდა კიდეც.
ამას გვიმტკიცებს თამარ მეფის შესანიშნავი იამბიკო “ცასა ცათასა”, რომელიც შამქორის ომში ქართველთა ჯარის ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად გამოუთქვამს. იამბიკო არის თორმეტმარცვლლიანი ურითმო ლექსი.
შამქორის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. მაჰმადიანთა ხალიფამ თითქმის მთელი ისლამური ძალა გამოაგზავნა ქართველების გასანადგურებლად. ქართულმა არმიამ, დავით სოსლანის ხელმძღვანელობით, შესანიშნავი სტრატეგიით მოახერხა და გაანადგურა მტრის ძალიან მრავალრიცხოვანი ჯარი. ქართველები მტერს “ვითარცა თაგვთა მოსვრიდეს და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს დიდთა მათ ამირათა მათთა ბაღდადელთა და მოსულელთა, ავრიელთა და ერაყელთა და ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხვათა მრავალთა ადგილთასა… წევრთა ზიდვით მოიყვანებდეს წინაშე დავით მეფისა”.
თავად მთელი მაჰმადიანური ჯარის სარდალი, აბუბექრ ათაბაგი შეშინებული გაიქცა და მხოლოდ იმით გადაირჩინა თავი, რომ “მიწევნულმან ხნარცვსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თვისი”.
ეს მოხდა 1195 წლის 2 ივნისს. მეორე დღეს, დილით შამქორელებმა მეფეს მიართვეს ქალაქის კლიტენი…
ტფილისში მოეწყო დიდი აღლუმი. დიდუბის ველზე ავჭალამდე და გლდანის ხევამდე დააყენეს ტყვე ამირები საკუთარი დროშებით, პირველ რიგში ხალიფას დროშა, რომელიც შალვა ახალციხელმა ბრძოლაში მოიპოვა და მეფე თამარს მიუძღვნა, მერე ათაბაგის დროშა, მერე ტყვეები, თორმეტი ათასი კაცი, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი. ხოლო ოქრო, ვერცხლი, ჭურჭელი, ლარი და სხვა ალაფი იმდენი იყო, რომ დაიღლებოდა კაცი დათვალიერებით.
მეფეთა მეფემ ხალიფას დროშა ხახულის ღვთისმშობლის ხატს შეწირა. ხოლო ღვთის სადიდებლად იამბიკო (ლექსი) გამოთქვა:
“ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კვალადი,
სულმან მან ღმერთმან სრულყო მოქმედებადი,
სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.
შენ მიერ მისთვის დრკუსა მის განმგებელი
დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,
ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო,
შენგან შობილმან ჩვენ ღირსგვყვნა აღმოშობად
ბნელით ნათელსა, ნათელითა მხედველობად.
შენგან ქალწულო, რომელსა შენთვის დავით
როკვიდა, ძისა ღმერთისა ძედ შენდა ყოფად,
მე, თამარ, მიწა შენი და მიერივე,
ცხებულობასა ღირსმყავ და თვისობასა.
ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით
შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღვრისა ღაზოდ მძღვანი,
ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,
მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.
ერანს ებრძოლეს ჩემი მიერ მისთა სპათა
ჩვენნი მხედარნი, მოსავნი შენნი, სძალო
მოწყლნეს, მოსწყვიდეს აგარის ნათესავნი.
მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას
შენდა შევწირავ. მოიხე ძეებრ, ღმერთო!
ამბავი “სამგზის სანატრელი” თამარის მეფობისა
საუკუნეთა განმავლობაში იბერიასა და კოლხეთს, ერთიან საქართველოს თუ დაქუცმაცებულ ქართულ სამეფო-სამთავროებს მრავალი მეფე, მთავარი თუ ერისმთავარი ჰყოლია.
ბევრ მათგანს დიდი სახელიც დაუტოვებია, დიდების შარავანდედითაც შემოსილა და წმინდანადაც არაერთი შეურაცხავთ… მაგრამ ისეთი საყოველთაო სიყვარული და თაყვანისცემა ლამის დღესაც ოდინდელი სიამაყით რომ აღავსებს ქართველთ, – გამორჩეულად მეფეთ მეფე თამარს ერგო.
XII საუკუნის ბოლო მეოთხედში დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის აღზევებული საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. აილაგმა გარეშე მტერი, დაითრგუნა შინაური მოქიშპეც… თუმცა კი იყო ერთი რამ, რასაც საგონებელში ჩაეგდო სამეფო კარიც და მეფე გიორგიც. ეს მეფის უძეობა გახლდათ. უმშვენიერესმა დედოფალმა, ოვსთა მეფის ასულმა ბურდუხანმა ორი ასული შესძინა მეფეს – თამარი და რუსუდანი. ქალის გამეფების ტრადიცია აქამომდე არ არსებულა საქართველოში.
ამიტომაც წინასწარ დაიჭირა თადარიგი მეფე გიორგიმ და მეცამეტე წელში გადამდგარი ასული თანამესაყდრედ გაიხადა. ექვსი წელი მართავდნენ ერთად მამა-შვილი ქვეყანას. გონიერებით, სიბრძნითა და შორსგამხედვარობით აცვიფრებდა სამეფო კარს მეფექალი. 1184 წელს გასრულდა გიორგი მესამის ოცდარვაწლიანი მეფობა. 18 წლის თამარს უნდა ემეფა ამიერიდან…
ისნის კარავი – ქვეყნის ბედის გამგებელი…
სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით ხელახლა უნდა ეკურთხათ მეფედ თამარი. წესისამებრ, დასავლეთ საქართველოს დიდებულებს უნდა მოეკაზმათ სამეფო ინსიგნიებით (სკიპტრა, გვირგვინი, ხმალი…) მეფექალი, რაც დიდებულმა ვარდანისძეებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა აღასრულეს მშვიდობიანად. თუმცა კი საფრთხემ თავიდანვე იჩინა თავი. სახელოვან გვართა დიდებულებმა თამარის მამის აღზევებულ უგვარო და უჯიშო უმაღლეს მოხელეებზე მიიტანეს იერიში. ვეღარ ჰგუობდნენ ნაყივჩაყარი ყუბასარის მანდატურთუხუცესობასა და ამირსპასალარობას; ვერც “აზნაურის ნაყმევი” აფრიდონის მსახურთუხუცესობას.
დაჰყვა თამარი დიდებულთა ნებას. ატყდა ერთი ჩოჩქოლი მათ ადგილთა დასაკავებლად. ყუთლუ-ასლანი მოთავეობდა რეფორმებს. იმ დროისთვის არგაგონილი მოთხოვნით გამოვიდა მომხრეთა დასთან ერთად: მეფის სასახლის გვერდით ისანში საგანგებო სასახლე, ისნის კარავი შეიქმნას და სწორედ მან გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი – მიიღოს კანონები, გასცეს წყალობა და გადაუწყვიტოს შერისხვაო… გაუგონარი კადნიერება გახლდათ. იზღუდებოდა მეფის უფლებანი. თანაც, მოთხოვნას იარაღის ჟღარუნიც ამაგრებდა.
პირველად აქ გამოჩნდა სამგზის სანატრელი თამარის გონიერება. საომრად გამზადებულ მოქიშპეთ მათთვის მოულოდნელი სვლა შესთავაზა: მოსალაპარაკებლად გაგზავნა კეთილშობილი და უსპეტაკესი მანდილოსნები – ქართლის ერისთავთ-ერისთავის, რატის დედა ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი. სწორედ მათ მოახერხეს ამბოხებულთა დაშოშმინება. თამარმა კი აღუთქვა სამეფო დარბაზის უფლებათა გაფართოება – უმნიშვნელოვანეს საკითხებს “დარბაზის თანადგომითა და ერთნებაობით” გადავწყვეტთო…
სასჯელად ქცეული საქორწინო გვირგვინი
თამარი გონივრულად მართავდა ქვეყანას, რომლის ინტერესებიც აჩქარებდა მის გათხოვებას: ჯარს მხედართმთავარი სჭირდებოდა, სამეფო ტახტს – მემკვიდრე.
უფლისწულ დემნას დაღუპვის შემდეგ აღარ არსებობდა ბაგრატოვანთა გვერდითი შტო, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მეფე სარდლის საკითხი. სასიძოთა ნაკლებობა ნამდვილად არ იყო. თამარის პირველი ისტორიკოსი “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში” გვაუწყებს, რომ “მოსულ იყვნენ ოვსთა მეფეთა შვილნი, მშვენიერნი და სახე კეთილნი მოყმენი”, აგრეთვე “ბერძენთა მეფის ძმისწული ალექსი” და მრავალი უფლისწულნი მაჰმადიანური სასულთნოებიდან, რომელნიც მზად იყვნენ შესდგომოდნენ ქრისტეს რჯულს, თუ ბედი გაუღიმებდათ. საქმროს შერჩევა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს შეიკრიბა დარბაზი. წამოდგა აბულასანი, ამირა ქართლისა და თბილისისა, რომელმაც თამარის ღირსად ცნო რუსი უფლისწული, ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟი იური, ნოვგოროდიდან ბიძის, ვსევოლოდ დიდბუდის მიერ გამოძევებული და ჩრდილოეთ კავკასიაში, ყივჩაყებში, ქალაქ სუნჯას შეფარებული. მართლმადიდებელი რუსეთის ავტორიტეტი დიდი ყოფილა საქართველოში. დარბაზმაც ერთნებაობით გადაწყვიტა: მოეწვიათ იური, ანუ გიორგი რუსი. სამოციქულოდ თბილელი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი შეარჩიეს. შესახედავად გიორგი რუსი რიურიკთა გვარისა, მშვენიერი აღნაგობისა ყოფილა. ერი და ბერიც მოხიბლულა. ამას თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს. მოვიდა სასიძო: “…მოყმე სახე-კეკლუცი, სრული აღნაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად”.
გაიმარჯვა სამეფო კარზე რუსი უფლისწულის მომხრეთა დასმა, რომელიც თამარის სურვილის გათვალისწინებით მაინცდამაინც თავს არ იწუხებდა და საქმის მოგვარებას მისი გამზრდელი მამიდის, რუსუდანის დაყოლიებით ცდილობდა. დაობლებული თამარისთვის ახლა ყველაზე ახლობელი და შინაური სწორედ რუსუდანი იყო. თვით რუსუდანი ერთ დროს ერაყის სასულთნოს რძალი – სულეიმან შაჰის ცოლი ქმრის დაღუპვის შემდეგ, 1161 წლიდან საქართველოში დაბრუნდა. ერთი სიტყვით, კულუარებში ყველაფერი “მოაგვარეს” და “პატრიარქმან, დიდებულთა, ვაზირთა და სპათა, – მოახსენეს თამარს და მათგან ნებადაურთავი განამზადეს ქორწილი”. ერთი პირობა თამარი გაოგნდა და აღშფოთდა კიდეც ასეთი თავნებობით, მაგრამ საბოლოოდ კატეგორიულ უარს ვერ ამბობს და რუსი უფლისწულის გასაცნობად დროს მოითხოვს. საკითხს ასე აყენებს: როგორ შეიძლება საქმის ასე გადაწყვეტა? – “არა ვიცით კაცისა ამისა უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა”… ბოლოს და ბოლოს, დაჰყვა თამარი მოვალეობას, უფრო ბედისწერას, დარბაზის ერთნებაობას, მამიდის რჩევას და “თვინიერ ნებისა თამარისა ყვეს ქორწილი”.
მეხი… ზეობის ჟამს

…მემატიანენი ფრთხილად ეკიდებიან და ფრთხილადვე ეჭვს გამოთქვამენ ამ ქორწინების სვე-ბედნიერებაზე.
როგორც მხედარს, გიორგი რუსს მაინცდამაინც არაფერი გაუფუჭებია. მისი მეთაურობით ქორწინებიდან მეორე წელსვე, 1186 წლიდან მცირე ბრძოლებში ქართველთა ჯარმა ორი წლის განმავლობაში წარმატებებსაც მიაღწია – კარის, კარნიფორის, გელაქუნის, შამელთა წინააღმდეგ…
და აი, უეცრად, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა… საყოველთაო ზეობის ჟამს მეფე-დედოფლის ბუდუარიდან გამოაღწია რუსის მანკიერების ამბავმა. ორწელიწად-ნახევარი ითმენდა გაუმხელელად თამარი “ვითარცა გურდემლი”, “…იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა” და როგორც თამარის მეორე ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი დასძენს – “ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა”. თამარის ორივე ისტორიკოსი აღწერს გიორგი რუსის მანკიერებებს. მათ შორის ლოთობას: “სიმთვრალეთა შინა იწყო მრავალთა საძაგელთა და უშუერთა საქმეთა ქმნად”, რომლის თქმაც კი უხერხულიაო. ერთი სიტყვით, განუზომლად სვამდა, ყველას დასანახად ეტორღიალებოდა ქალებს, იგინებოდა და ყოველგვარ სისაძაგლეს სჩადიოდა… მიუჩინეს მკურნალი, მაგრამ ამაოდ. გიორგი რუსი არავის იკარებდა, მკურნალებსა და ჭკუის მარიგებლებს ლანძღავდა და სცემდა – “…შერაცხმნილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა ამოგდებითა ტანჯნა”.
მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო სრული ჩამონათვალი იმ მანკიერებისა, რომელიც გამოავლინა ჩრდილოელმა უფლისწულმა. უფრო საშინელი ზნეც შეიტყო ერმა და ბერმა – მამრისადმი ლტოლვაც – “უბოროტესთა პირველისათა სოდომურიცა მოიპოვა ქცევა”…
მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. როცა ეს ყველაფერი ცნობილი გახდა, ყველას ამოეწურა მოთმინების ფიალა.

განპატიჟება გიორგი რუსისა და თამარის მეორე ქორწინება


შეიკრიბა კვლავაც დარბაზი. მატიანეში გიორგი რუსის განპატიჟებასთან დაკავშირებით შემორჩენილია თამარის სიტყვები, რომელიც მეფური ღირსების, ქალური კდემამოსილებისა და ღრმად განსწავლულობის გასაოცარი ნიმუშია: “არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. მე არ მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერ”.
გაძევებული გიორგი რუსი ზღვამდე მიაცილეს, ჩასვეს ხომალდში, გაატანეს “აურაცხელი ლარი, სიმდიდრე და საჭურჭლე” და გაუყენეს საბერძნეთის გზას…
კვლავაც დაიძრა ოთხივ კუთხიდან სხივმოსილი თამარის გულისა და ხელის მთხოვნელთა ლაშქარი. უმშვენიერესი მეფექალის გულის მოგება ეწადათ იერუსალიმის სამეფოს, ანტიოქიისა და ედესის სამთავროების წარჩინებულთ. აღმოსავლეთიდან მობრძანდა შირვანშაჰი აღსართანი, განსწავლულობითა და სიმდიდრით ცნობილი მუსლიმი მზად იყო ქრისტიანობა მიეღო. იწყინა ქართველთა სამეფო კარმა: ვითარ გაბედაო ვასალმა და ყმადნაფიცმა სურვილის გამჟღავნება…
საარაკო გახლდათ თამარის სიყვარულით გახელებული მუსლიმის, არზრუმის სულთნის, მუტაფრადინ სალდუხის ძის ამბავი. არად მიაჩნდა სჯულის გამოცვლა, საბოძვარიც უხვად გასცა მეფექალის ხელის საძიებლად მოსულმა. ბევრი გულშემატკივრობდა კიდეც უსამანოდ შეყვარებულ სულთანს. არც ის ჩათვალეს თამარის ღირსად… თუმცა კი თამარის ნახევარდა (გიორგი მესამის უკანონო შვილი), მშვენიერი რუსუდანი შერთეს ცოლად, მზითევიც უხვად გაატანეს და ისე გაისტუმრეს (თამარის ღვიძლი და კი, რომელსაც ასევე რუსუდანი ერქვა, ოს უფლისწულზე გაათხოვეს, მალე დაქვრივდა და სამშობლოს დაუბრუნდა). ბიზანტიელი უფლისწულნიც – იმპერატორ მანუელ პირველის მემკვიდრე ანდრონიკე, მანუელისვე უკანონო შვილი ალექსი და სხვა მრავალი გულდამშვიდებით ვერ უყურებდნენ თამარის სილამაზესა და გონიერებას.
სხვაც არაერთი ეტრფოდა უიმედოდ თამარს. უმშვენიერესი ლეგენდის სახით შემორჩენილა თამარისადმი ქართველთათვის ყველა დროის გენიის, შოთა რუსთველის გაუმხელელი და უნუგეშო ტრფობის ამბავი და თვით განუმეორებელი “ვეფხისტყაოსნის” მიძღვნა მეფეთ მეფისადმი. ლეგენდის ერთი ვერსიით ხომ სწორედ ამ უნუგეშო სიყვარულმა გადახვეწა პალესტინაში რუსთველი.
…თამარის გული დავით სოსლანმა დაიპყრო, ქართველთა მეფის, გიორგი პირველის შთამომავალმა და ბაგრატიონთა ოსეთში გადახვეწილი შტოს წარმომადგენელმა. როგორც კავკასიის არაერთი ქვეყნის უფლისწული, პატარა დავითიც საქართველოში იზრდებოდა და იწვრთნებოდა. იზრდებოდა იგი იკონიის ანუ რუმის სასულთნოს ყოფილი დედოფლის, გიორგი მესამის დის, რუსუდანის ზედამხედველობის ქვეშ, თამართან ერთად და როგორც ჩანს, გაუბედავი და წმინდა სიყვარულის პირველი სხივები სწორედ ყმაწვილობიდან იღებდა სათავეს…
1188 წელს თამარმა და დავით სოსლანმა დიდუბის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი.
უბედური რუსის ბოლო გაბრძოლება

…გაძევებული გიორგი რუსი ოპოზიციონერ ქართველ დიდებულთა სათამაშო ტიკინად იქცა. პირველად იგი 1191 წელს შემოვიდა ტაო-კლარჯეთთან და შავშეთთან. მომხრენიც გამოუჩნდნენ – ამ მხარის პატრონი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო, ვარდან დადიანი ლიხთიქითა საქართველოდან. სერიოზული ძალა შეიკრიბა – მთელი დასავლეთი და სამხრეთი საქართველო. ბევრს ეცადა თამარი, არ დაეღვარა მოძმეთა სისხლი და მშვიდობიანად მოეგვარებინა ურთულესი პრობლემა, მაგრამ მეამბოხეები ლიხთაქეთაც გადმოიჭრნენ და გორი-ნაჭარმაგევამდე მოარბიეს სოფლები, სამცხეშიც გააჩაღეს ცეცხლი. მშვიდობა აღარ გამოვიდა. თამარის მხედრობამ დაიცვა სამეფო ტახტი… მაგრამ კვლავ იჩინა თავი მეფექალის ლმობიერებამ და ჰუმანურობამ – თამარმა ყველას შეუნდო, ქმარყოფილი გიორგი რუსიც გაათავისუფლა და “მისსა სვეუბედურსა გზასა გაემართა”.
…არ მოასვენა გამჩენმა უბედური რუსი. “აფრააწყვეტილი ნავივით ბორიალობდა”… 1193 წელს კვლავ გამოემართა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ამჯერად რანის ათაბაგის ჯარებით კამბეჩოვანში (ქიზიყში) შემოჭრილა, მაგრამ ხორნაბუჯის პატრონმა საღირ მახატელის ძემ თავის სამ ძესთან ერთად მცირე ლაშქრით ისე დაამარცხა წერასატანილი რუსი, რომ მეფე თამარისთვის მაშველი ძალაც არ უთხოვია… 1193 წლის მიწურული იყო. …თამარის დევნილი ნაქმარევი კვლავ გადაიხვეწა, უკვე საბოლოოდ… ასე დასრულდა დაუდგრომელი უბედური რუსის უბედური ეპოპეა.
თამარის ორივე ისტორიკოსი გიორგი რუსის შესახებ “ჭირმა თავი არ დამალას” პოზიციიდან მოგვითხრობს. უღირსი სიძის ავ საქმეთაგან მხოლოდ ისაა თქმული, რაც ამჯერად წარმოგიდგინეთ. სხვა ისტორიულ მასალებში ასევე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ გაძევებული უცხოტომელის უგვანო საქციელს. გვიანი პერიოდის მხატვრულ ნაწარმოებებშიც კი ისე აღწერენ წმინდანად შერაცხული მეფეთ მეფის ცხოვრების ამ ორ-ნახევარ წელიწადს, რომ თამარის სახელს ოდნავი ჩრდილიც არ მიადგეს… რაც შეეხება ფანტაზიამოძალებულთა წარმოსახვებს გიორგი რუსის ფარშავანგებითა და კრუხებით “გატაცების” გამო, რას ვიზამთ, ადამიანის გონებას მართლა არ ჰქონია “სამანი”…
ჯერ იყო შამქორი…
ქალ-ვაჟი შეეძინა თამარს და დავით სოსლანს. ვაჟს გიორგი დაარქვეს, პაპის სახელი, მეორე სახელიც დაურთეს, ლაშა ანუ “მანათობელი ქვეყნისა”. ქალიშვილს (პირისახით დედის მსგავსს) რუსუდანი უწოდეს, თამარის აღმზრდელი მამიდის სახელი. ურიცხვი მოწყალება გაიღეს…
კვლავ განმრავლდა გამარჯვებანი. იძლივნენ მუსლიმნი, უფრო გონიერებმა ყმადნაფიცობა, თამარის მფარველობის ქვეშ ყოფნა ირჩიეს. მათ შორის შირვანშაჰი აღსართანიც იყო, შირვანის მფლობელი და ერთ დროს თამარის თაყვანისმცემელი. აღსართანს და მის სიძეს, ამირ-მირანს თურქებმა შემოუტიეს. სათავეში ადარბადაგანის მფლობელი აბუბაქარი ჩაუდგათ. მრავალი სასულთნო-საამირო მიიმხრეს, ბაღდადის ხალიფაც მფარველობდათ… დღიდან თამარის გამეფებისა, მუსლიმთა ყველაზე დიდ კოალიციასთან უწევდათ ქართველთ ხმალთაკვეთა. თამარმა ბრძანა ლაშქრის შეყრა. მიმოიხილა საომრად გამზადებულნი, გაამხნევა: “ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლითა მათისათვის და სიმცრისა თქუენისა”… გამორჩეულად დიდი ბრძოლების წინ თამარი ფეხშიშველი მიეახლებოდა ხოლმე ტაძარს, მოილოცავდა და შეავედრებდა ლაშქარს. ამჯერად მეტეხის ტაძარს მიეახლა…
შამქორთან მოხდა მუსლიმთა ზღვისა და ქართველთა ბობოქარი მდინარის შერკინება 1195 წელს. დავით სოსლანი მეთაურობდა ქართველთა ლაშქარს. ზერდაგ (ანუ შავ-ყვითელ) ცხენზე შეჯდა მეფეო, – მოგვითხრობს მემატიანე. იმასაც დასძენს, ვახტანგ ხაჩენელისგან ერთი ციხისა და სოფლის ფასად შეუძენია მართლაცდა ზღაპრული მერანი…
სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. ხალიფას წარმოგზავნილი ღაზო ანუ მეწინავე დროშა ამხნევებდა თურქთ. შეავიწროეს კიდეც ზაქარია და ივანე მხარგრძელების მოლაშქრენი. მაგრამ აი, მოულოდნელად, გაალმასებით შემოიჭრა დავითი თავისი მხედრობით. წინ მრავალბრძოლაგადატანილი გორგასლიანი დროშა მოუძღოდათ. თავზარი დაეცა თურქებს. ულმობლად ჩეხეს დუშმანი ქართველებმა. ერთი შეჰკივლა საზარლად შალვა ახალციხელმა და ხმალდახმალ გადაეშვა ბრძოლის მორევში, უკან კი თურქთა მეწინავე დროშით გამობრუნდა. გატყდნენ თურქები, უკუიქცნენ. განძამდე სდიეს ქართველებმა, შემდგომ გელაქუნიც აიღეს: “დაათვრნეს ისარნი სისხლითა და ხრმალნი ჭამდეს ხორცთა მტერთა მათთასა”… ხალიფას უძლეველობის დროშა მიართვეს თამარს, – ფერხთით დაუდეს. თამარმა კი “დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობლისასა”, – გვაუწყებს “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”.
სახელიანი ბრძოლები და ლაშქრობანი დაუსრულებლივ გრძელდებოდა. განძას გელაქუნი მოჰყვა, მერე ამბერდი, ბიჯნისი, დვინი შემოიერთეს. მოარბიეს ხლათის შაჰარმენთა სასულთნო, არჭეში, მანასკერტი…
შემდგომ იყო ბასიანი…
XIII საუკუნის პირველი წლებია. თამარის ბრძნული პოლიტიკით, რომელიც ნაზავი გახლდათ სიძლიერის, სიმტკიცის, სათნოებისა და შემწყნარებლობისა, კიდევ უფრო შორს განიტყორცნა საქართველოს დიდება. შამქორის ბრძოლიდან შვიდი წელი გასულიყო. ამ ხნის მანძილზე ქართველებმა სამხრეთით თურქებს მრავალი ქალაქი და ციხე წაართვეს. ზოგი შემოიერთეს, ზოგის ყმადნაფიცობას დასჯერდნენ. თურქების სასულთნო-საამიროები და სრულიად მუსლიმანური სამყარო კვლავ განემზადა საქართველოს წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობისთვის. მოთავე რუმის სასულთნო გახლდათ (სულთანი რუქნადინი).
ისტორიულ წყაროებსა თუ ლიტერატურულ თხზულებებში მრავალჯერ აღწერილა ყველა ქართველისთვის საამაყო ბასიანის ბრძოლა. 400-ათასიანი ლაშქარი შეკრიბა და თამარს მოციქული აახლა კადნიერი წერილით, რომელმაც სიტყვიერადაც გადასცა სულთნის დანაბარები: “უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტევოს სჯული, იპყრას სულთანმან ცოლად და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულთნისა”. ამ სიტყვების ბაგეთაგან ამოსვლისთანავე ზაქარია მხარგრძელმა “უხეთქა ხელითა პირსა” და ელჩი მკვდარივით დაეცა. მოსულიერების შემდეგ კი მიმართა: “თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმედა თავისა”. სულთნის ელჩი განზრახ დააყოვნეს. ამასობაში ლაშქარი შეკრიბეს, ქართველთა ჯარი დავით სოსლანის მეთაურობით დაიძრა ბასიანისკენ. თამარმა ჯარი თავადვე გააცილა, შემდეგ სამცხისკენ შემობრუნდა, მოვიდა ოძრხეს და იქ მთელი ღამე ლოცულობდა.
რუქნადინი არ ელოდა ასეთ შემოტევას და თავი ციხესიმაგრისთვის შეუფარებია. დავით სოსლანის ლაშქარმა იოლად სძლია ციხეში შეფარებულ მტერს. ძირითადი ბრძოლა კი ბასიანის სანახებში გაიმართა. აქაც იმამაცა ქართველთა უპირველესმა სარდალმა. მის თავდადებას შალვა ახალციხელის, ზაქარია და ივანე მხარგრძელების საარაკო სიმამაცე დაემატა და რუქნადინის ლაშქარი გააცამტვერეს. ცნობილი ფაქტია, რომ ტყვედ ჩავარდნილი რუქნადინის ძმა ჯორის ერთ ნალში გაუცვალეს მტერს ქართველებმა. ამ გამარჯვებებით და ბიზანტიის შესუსტებით ისარგებლეს ქართველებმა. დალაშქრეს შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთით ქართული ტომებით დასახლებული ოლქები და აქ შექმნეს საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფი ტრაპიზონის იმპერია.
1204 წლისათვის ქართველები სამხრეთის სამანებში კარს (ყარსს) მიადგნენ და ალყაში მოიქციეს. მეციხოვნენი უშვერი სიტყვებით “ამკობდნენ” ქართველებს. როგორც ჩანს, ესეც მათი ბრძოლის “ხერხი” იყო. კარელებს გამოელიათ სურსათი, წყალი. დანებებასაც ფიქრობდნენ, მაგრამ ეშინოდათ “გადმოფრქვეული” ავსიტყვაობის გამო. ასეთ დროს ულმობელი იყო დავით სოსლანი. კარელებმა შემოთვალეს, იარაღს დავყრით და ქალაქს ჩაგაბარებთ, თუ თვით თამარი მობრძანდებაო. მისი განთქმული გულმოწყალების იმედი ჰქონდათ. თამარმა მართლაც შეიწყალა ძლეულნი, 11 წლის ლაშაც იახლა თან და ჩაიბარა დედა-შვილმა კლიტენი ქალაქისანი…
ზეიმი სუფევდა მთელ ქვეყანაში, სრულიად საქართველოში, მაგრამ ამ სიხარულს თამარისა და ქვეყნისთვისაც დიდი მწუხარება მოჰყვა. 1205 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დავით სოსლანი… ღირსეულად მიუჩინეს საუკუნო განსასვენებელი ქართველ მეფეთა საძვალეში, გელათში. თამარმა იმავე წელს თანამესაყდრე მეფედ თორმეტი წლის ლაშა გიორგი დაისვა.
აღსასრული და… საფლავი თამარისა
კიდევ უფრო გაძლიერდა სახელი და დიდება იმდროინდელი საქართველოსი. დავით აღმაშენებლის დროს დაწყებული აღმასვლა ქვეყნისა თამარმა განასრულა. სამწუხაროდ, უდროოდ აღესრულა მისი ლამაზი სიცოცხლეც. ტრადიციული თარიღი თამარის გარდაცვალებისა 1213 წელია. ასახელებენ 1207 და 1210 წელსაც. მემატიანემ მზექალის ამაქვეყნიდან გარდასვლის განსაცვიფრებელი ამბავი შემოგვინახა. ჯერ ისევ პირმშვენიერსა და ახალგაზრდას მოეძალა უცხო სენი, არავის უმხელდა, მარტო ებრძოდა და ერთხანს სძლია კიდეც. ბოლოს კი, როცა იგრძნო აღსასრულის მოახლოება, “არ ინება სიკვდილი სარეცელზე”. აგარის სამეფო ციხე-დარბაზში მყოფი სამეფოდ აღიკაზმა, ტახტზე დაბრძანდა და შვილნი და დიდებულნი მოიხმო.
ასე მიმართა მისი ფერდაკარგული სახის ხილვით გაოგნებულთ, – მოწამე ხართ, თქვენთვის არაფერი დამიკლია, “ვიდრე განგებისა, ღმერთისათა ვიყავ თქვენ ზედა მეფედ. აწ მეცა წავალ მამათა ჩვენთა თანა გზასა უცხოსა. გევედრები ყოველთა, რათა მარტოს კეთილსა შინა იყვნენ მახსენებელი ჩემდა. აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევენ… შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან… მაგათ აღმოგიკვეთონ დაკლებული ჩემი…” შემდგომ ამისა, უფალს შეავედრა საქართველო, მერე მოდგმა ადამთა, შვილნი და სულ ბოლოს – სული თვისი… მშვიდად დაითხოვა სასახლეში მყოფნი, მარტო დარჩენა ისურვა და ტახტზე მჯდომარემ “დაიძინა ძილითა მართალითა”…
ისტორიულ წყაროებში მრავალგზის აღუწერიათ, გელათის ტაძარში დაკრძალეს თამარიო… თავდაპირველად, მცირე ხნით, მცხეთას დაუსვენებიათ, შემდგომ კი გელათში, სადაც ახლაც არსებობს მისი სახელობის ეკვდერი (თუმცა კი ექვთიმე თაყაიშვილს ეს ეკვდერი გაუთხრია, საფლავი კი ცარიელი აღმოჩენილა). ლამის თამარის გარდაცვალებიდანვე მოდის ლეგენდათა მთელი წყება მზეთამზის საიდუმლო დამარხვის შესახებ. იქნებ ყველაზე ახლოს სინამდვილესთან ფრანგი დებუას წერილი იყოს, რომელშიც ვკითხულობთ: “მიემართება 15 წლის ჭაბუკი მეფე და მიასვენებს დედამისის ძვლებს”. თამარს ანდერძად – იერუსალიმს დამკრძალეთო, დაუბარებია.
ლაშა-გიორგისაც ხომ შეეძლო ლაშქრის თანხლებით წაესვენებინა დედის ნეშტი. მით უმეტეს, იგი დიდხანს ემზადებოდა პალესტინაში სალაშქროდ. ვინ იცის, იქნებ ბიზანტიის იმპერატორის ან ეგვიპტელი მამლუქების დახმარებითაც შეძლო ლაშა-გიორგიმ საიდუმლოდ აღესრულებინა დედის ანდერძი. ვინ იცის, იქნებ პალესტინის რომელიმე ქართულ სავანეში განისვენებს მეფე თამარი…
ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 14(1) მაისი დააწესა.
ავტორი: ნოდარ შოშიტაშვილი
წყარო: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი” & kvirispalitra.ge

Saturday, July 29, 2017

მნიშვნელოვანი აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში



„კვლევის ცენტრის“ XXII ექსპედიციისას, 2017 წლის 11 ივლისს, ტაოში მიკვლეულ იქნა სოფელ მერენესის ასომთავრული წარწერა, რომლის ტექსტი შეიცავს ძალზე მნიშვნელოვან ინფრომაციას ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ! წარწერა შემდეგნაირად იკითხება: „[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?)“. როგორც ვხედავთ, წარწერის პირველი ნაწილი გვაუწყებს, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა „აშოტ კურაპალატი“ ანუ ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი - კურაპალატი აშოტ II, რომლის შესახებაც რამდენიმე ქართული წერილობითი წყარო გვაწვდის ცნობებს. სუმბატ დავითის-ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ გვამცნობს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წელს უშვილოდ მიიცვალა: „გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ო~დ (174+780=954 წ.), და არა ესუა შვილი“. მერენესის ახლადმიკვლეული წარწერა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს სუმბატ დავითის-ძის ცნობის მართებულობას, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად აზუსტებს ამ ცნობას და გვაუწყებს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. მერენესის 954 წლის წარწერის აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო მოვლენას წარმოადგენს. ამ მრავალმხრივ საინტერესო ეპიგრაფიკული ძეგლის შესწავლა ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს. წარწერის წაკითხვა და ისოტირულ-პალეპგრაფიული ანალიზი ეკუთვნის თემო ჯოჯუას Temo Jojua წარწერა დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფელში წყლის არხის გაყვანის დროს მიწაში იპოვეს. აქვე დასტურდება ეკლესიის ფრაგმენტები. შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ ეკლესია ძალზე მასშტაბური იყო. აქვე ადგილობრივის სახლში ჩატანებულია ჯვრის ორნამენტიანი ქვა. Levan Tsikarishvili Beburi Gozalishvili Ann Imedashvili
კვლევის ცენტრი/      Research Center-(ი)ს ფოტო.

წმინდა ანდრია მოციქულის ნაკვალევი საქართველოში

წმინდა ანდრია მოციქულის ნაკვალევი საქართველოშ
ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა-ქადაგებათა შესახებ უძველესი გადმოცემები II საუკუნიდან ჩნდება. ამის შემდგომ, სხვადასხვა რედაქციებში ეს გადმოცემები დამატებითი ცნობებით ივსებიან, ფართოვდება მოციქულთა მოღვაწეობის გეოგრაფიული არე.
ადრეულ ბერძნულ-ლათინურ ტექსტებში დაცული, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ანდრიასა და მის თანაშემწე მოციქულთა მიერ ქრისტიანობაზე მოსაქცევ ქვეყნებად დასახელებულია შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო და სკვითები. ანდრია პირველწოდებული ქადაგებდაქუეყნითი ქუეყნად, და ქალაქითი ქალაქად, და სოფლითი სოფლად”; შავი ზღვის სამხრეთიდან ჩრდილოეთში მიმავალი გზები, ბუნებრივად საქართველოზე გადიოდნენ; ამიტომაც მომდევნო რედაქციებში, ამ გზათა შემცველი მხარეები დაკონკრეტდა საქართველოს დასავლეთსა და სამხრეთში.
ზემოთქმულს ხელს უწყობდა ისიც, რომ ძველ უცხოურ წყაროებს ზოგჯერ ერევათ ერთმანეთში ქართველთა და სკვითების ტერიტორია, ან ქართველები სკვითების მეზობლად გამოჰყავთ. შესაძლოა ამას ერთგვარად მხარს უბამდა სკვითინების ტომის მოხსენიება ქსენოფონტთან, მდ. ჭოროხის დასავლეთით, რომლის სახელწოდება მეგრულ-ჭანურიშკვითით”(შვიდი) იხსნება.
სკვითების მიყოლებით ჩნდება აბაზგია და დიდი სებასტოპოლისი, აფსართა ციხესიმაგრე, ისოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი, სადაც ცხოვრობდნენ, იბერები, სუსები, ფუსტები და ალანები. ეს ცნობები ეპიფანე კვიპრელისაგან (310-403 წწ.) აუღია და გამოუყენებიაწმინდა ანდრიას ცხოვრებაშიეპიფანე მონაზონს (+780).  მანვე შექმნა კონცეფცია ანდრია მოციქულის სამი მოგზაურის შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ყველა მომდევნო გამოცემას.
ეპიფანე მონაზვნის ნაწარმოები შემდგომში გადაამუშავა ნიკიტა დავით პაფლაგონელმა (IX-X სს.), ხოლო ექვთიმე მთაწმინდელმა (XI .) შექმნამოსახსენებელი მიმოსვლათათვის და ქადაგებათა ყოვლად ქებულისა და დიდებულისა მოციქულისა ანდრიასი”. ეს უნდა იყოს ერთერთი ბერძნული რედაქციის ქართული თარგმანი, რომელიც როგორც ირკვევა, ექვთიმე მთაწმინდელს უთარგმნია 1011 . შეიძლება ვიფიქროთ, იმავე ბერძნული ტექსტის პარალელური რუსული თარგმანია გადმოცემული უკანასკნელ მოსკოვურ გამოცემაში (А. Ю. Виноградов, 2004).
ექვთიმესეული თარგმანის მიხედვით, პირველი მოგზაურობის დროს პეტრე, ანდრია, მატათა და გაიოზ ჩადიან ანტიოქიაში; ამის შემდგომ ანდრია მიიწია ტრაპეზუნდად, რომელი-იგი არს სოფელსა მეგრელთასა, სადა იგი დაყო  ჟამი მცირედი... განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, ვინაცაიგი დაყო ჟამი ფრიადი და მრავალნი განანათლნა სიტყÂითა მოძღვრებითა მისისათა”. აშემდეგ პართიის გავლით, მოციქული იერუსალიმში მისულა.
პარალელური ბერძნული ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ავტორილაზიკეს” “მეგრელთა სოფლადთარგმნის, ხოლოიბერიასკი  უწოდებსქუეყანასა ქართლისასა”. გარდა იმისა, რომ ეს XI საუკუნის განათლებული ქართველის შეხედულებას ასახავს თავის სამშობლოზე, ფაქტობრივად ასე იყო I საუკუნეში: იბერია ამ დროს შავ ზღვაზე გადიოდა.
მეორე მოგზაურობისას ანდრია და იოვანე, მიდიან ქალაქ ეფესოს; ანდრიას აქ ეჩვენა იესო ქრისტე, რომელმაც უბრძანა წასვლა ბითვინიაში და გუთეთის ქვეყანაში. მიუხედავად ბერძნული ტექსტისადმი თითქმის სიტყვასიტყვით მიდევნებისა, ექვთიმე სკვითიას თარგმნისქუეყანად გუთეთისა”. აქ უნდა ასახულიყო ცოდნა იმისა, რომ სკვითებს შემდგომში გუთები შეენაცვლნენ.
ნიკეის შემდგომ ანდრია მოციქულს მოუნახულებია ქალკედონი, სინოპი, სადაც მას თითი მოაჭამეს და ქალაქი ზალიქო. ამის შემდეგ ანდრია მოციქულიმიიწია ტრაპეზუნდად, ქალაქსა მას სამეგრელოსასა, მიერ წარვიდა და მივიდა ნეოკესარიას”, მერე სამოსატსა და იერუსალიმს. ამჯერადაცლაზიკათარგმნილია როგორცსამეგრელო”. მესამე სამოციქულო მოგზაურობაში ანდრია პირველწოდებულს ახლდნენ სიმონ კანანელი, მატათა და თადეოზი. ამ მოგზაურობის მნიშვნელობის გამო, შეიძლება ის უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.
მოციქულები ჩადიან ქალაქ ედესაში, სადაც თადეოზი რჩება იქაურ მთავარ ავგაროზთან; ანდრია, სიმონ და მატათამოიწინეს ქუეყანად ქართლისა და ვიდრე მდინარედმედ ჭოროხისა”. ბერძნულ ტექსტში გვაქვსიბერიადაფაზისი”, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ბერძნული წყაროები რიონის გარდა ფაზისს უწოდებდნენ ჭოროხსაცექვთიმესეული თარგმანის მიხედვით, “მერმე შთავიდეს სოსანელთა სოფელსა (ასე ეწოდებოდა ქვეყანას) ხოლო დიდი ანდრია, სიმონითურთ შევიდეს ქუეყანასა ოვსეთისასა და მიიწიეს ქალაქად, რომელსა ეწოდების ფოსტაფორ”. ეპიფანე კონსტანტინოპოლელი მონაზვნის მონათხრობი ამ ადგილას ოდნავ ვრცელია, თან არსებითი; ანდრია, სიმონი და მათე ჩადიან იბერიასა და ფაზისში (აქ სახელსმდინარეარ ახლავს), “ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სუსანიაში. ამ ტომის მამაკაცებს მბრძანებლობდნენ ქალები. ადვილად დამყოლია ქალის ბუნება და ისინიც მალე დამორჩილდნენ (მოციქულთა მოძღვრებას). მათე მოწაფეებითურთ დარჩა იმ ქვეყნებში... ხოლო სიმონი და ანდრია ავიდნენ ალანიაში და ქალაქ ფუსტაში. ამასვე იმეორებს ბერძნულ-რუსული ბოლო გამოცემა. საბინინისეული რედაქციის მიხედვით კი, სოსანგელთა მთავარი ვინმე დედაკაცია, რომელმაც ირწმუნა მოციქულთა ქადაგება. მატათა დარჩა იქ, ანდრია და სიმონყ კი, ოსთა ქვეყანაში, ქალაქ ფოსტაფორს მოვიდნენ.
სუსანია-სოსანგელთა და სუსებს სვანეთში ვარაუდობდა . ყაუხჩიშვილი. . ინგოროყვა კი, მას სანია-სანიგების მხარედ მიიჩნევდა, ჭოროხისა და აფსარის რაიონში. მატათას ამ მხარეში დარჩენის შესახებ ზემომოტანილ ცნობებს, ავტორი ამატებდა სოფრონის (IV .) ვერსიას: “მატათამ... იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში, სადაც არის აფსარის ციხესიმაგრე და Âსის ნავსადგური... იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე”. აფსარი გონიოდაა მიჩნეული.
ქართულ რედაქციებში ბერძნული ტექსტის ალანია და ქალაქი ფუსტა თარგმნილია ოსეთად და ქალაქ ფოსტაფორად. შესაძლოა აქ ბერძნულიფუსტან პოლინ”-ის დამახინჯებასთან გვქონდეს საქმე, რას ზოგ ქართულ რედაქციაშიბოსფორ”-ადაც კი აისახა.
ამ პუნქტს . ყაუხჩიშვილი მისიმიელთა მხარეში, თუ მის მეზობლად ვარაუდობდა20. სარწმუნო უნდა იყოს მოსაზრება . მუსხელიშვილისა, რომ ამტყელის ხეობაში დადასტურებული სახელი აფუსტა, ძველი ფუსტაა.
ექვთიმესეული თარგმანის მიხედვით, ფოსტაფორიდან მოციქულებიშევიდნენ ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტიად ქალაქად მივიდეს... მუნ დაუტევა ნეტარმა ანდრია Âმონ კანანელი... და თავად ჯიქეთისა ქუეყანასა წარვიდა”.
პარალელურ ბერძნულ ტექსტშიააბასგიადადიდი სებასტოპოლი”, ასევეა ეს ეპიფანე კონსტანტინოპოლელთან, სადაც დამატებით ჩანს, რომ ანდრიამ დამოძღვრაგორსინები დიდი სებასტოპოლისში”. ექვთიმეს ტექსტიდან ვიტყობთ, რომ ანდრია შემდგომ მისულაბოსფორ ქალაქად”, რომელიც ექვსინის ზღვის კიდესაა, მეოტიის ტბასთან. იქვე ყოფილალუსკუმაÁ, რომელსაზედა სწერია სახელი Âმონ მოშურნისაÁ. ხოლო Âმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოფსე ქალაქსა შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა”. ბერძნულ ტექსტში სიმონ კანანელის საფლავი მოხსენიებულიაზიკხების ნიკოფსე”-ში.
ასეთიაანდრიას მიმოსვლისექთიმესეული თარგმანის საქართველოსთან დაკავშირებული მომენტები. ამას გარდა, არის კიდევ ერთი რედაქცია ამ ნაწარმოებისა, რომელიც მეცნიერ კაცთა კომისიას (XVIII .) ჩანართის სახით შეუტანიაქართლის ცხოვრებაში”. ის უფრო ვრცელი და დეტალურია, ვიდრე ექვთიმესეული ტექსტი და საყურადღებო განსხვავებებსაც შეიცავს.
ქართლის ცხოვრებისეული ტექსტის მიხედვით, ღმრთისმშობელმა თავის წილხვდომილ საქართველოში, ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა, ღმრთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით. ძველიქართლის ცხოვრებისტექსტი, ადერკის მეფობის ჟამს, იხსენიებს წმინდა მოციქულებს.
იქ იკითხება: “მოვიდეს... ანდრია და Âმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმინდა Âმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა”. ამას მოსდევს ჩანართი, საიდანაც ჩანს, რომ ანდრია მოსულა ტრაპიზონში, მეგრელთა ქალაქში, იქიდან შესულა ქართლის ქვეყანაში, “რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების”. მისი ქადაგებით ხალხი მოქცეულა ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ, სადაც მან ღმრთისმშობლის ხატი დაასვენა, აღმოეცენა წყარო, რომელიცვიდრე დღესაცა დაუწყუედელად აღმოსდის”. აქვე მოციქულს დაუდგენია მღვდლები, აუგიათ ეკლესია ღმრთისმშობლის სახელობისა.
ადგილობრივ მოსახლეობას აღარ უნდოდა მოციქულის გაშვება, მაგრამ რაკი სხვა გამოსავალი არ იყო, მისთვის უთხოვიათ ღმრთისმშობლის ხატის დატოვება. ანდრიას ამ ხატზე ფიცრის დადებით, შეუქმნია მეორე ხატი, რომელიც ეკლესიაში დაუსვენებიათ; ისიცვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს”. ამ ჩანართის მიხედვით, დიდ-აჭარიდან ანდრიაწარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი Â ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არს”. აქედან მოციქულს ჩაუვლია ოძრახის ხევი, მოსულა სამცხის საზღვრებში და შეჩერებულა სოფელ ზადენ-გორასთან. აქ მას უნახავს, თუ როგორ სწირავდნენ მსხვერპლს იქაურები ყრუ კერპებს. ღმრთისმშობლის ხატთან ლოცვის მეშვეობით, ეს კერპები დაემხვნენ და შეიმუსრნენ.
ამის შემდგომ ანდრიაწარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი”. აქ იგი გაჩერებულა საკერპო ტაძრის სიახლოვეს, “რომელსა აწ ძველეკლესია ეწოდების”. მაშინ თურმე იქ კერპებს ემსახურებოდნენ. ჩანართის ტექსტის მიხედვით, იმ ადგილებში მაშინ მთავრობდა ქვირივი ქალი, ვინმე სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ძე მოჰკვდომოდა. ღამე ადგილობრივ მოსახლეებს დაუნახავთ დიდი ნათელი, ციხეში დასვენებული ღმრთისმშობლის ხატიდან რომ აშუქებდა. გაკვირვებულებს მოუკითხავთ იქ მყოფთა ვინაობა და ქვრივი მთავრისათვის მოუხვენებიათ: უცნობნი არიან, უცხო ღმერთს ქადაგებენ სიცოცხლის მომნიჭებლად, მკვდართა აღმდგენელად და პატივს სცემენ მშვენიერ ხატსო. ქვრივი ქალის თხოვნით ანდრია მოციქულმა მისი ძე მკვდრეთით აღადგინა, რის შემდეგაც დედა-შვილმა, მათი სახლეულით ნათელიღეს. ქვრივმა დედაკაცმა იხმო სამცხის მთავრები და საქრისის ველი გაივსო ხალხით. ქალაქის საკერპო ბომონში, არტემისა და აპოლონის კერპებს ეთაყვანებოდნენ. ყოვლადწმინდის ხატის მეშვეობით მოციქულმა ეს კერპები შემუსრა და მთელმა იქაურმა მოსახლეობამ ირწმუნა ქრისტე ღმერთი.
ამის შემდგომ ანდრიამ დაუდგინა მათ ეპისკოპოსი, მღვდლები, დიაკონნი, ხოლო ხალხის თხოვნაზე დაეტოვებინა მათთვის ხატი მან უპასუხა: “ვითარ-იგი ყოვლად წმინდასა ღვთისმშობელსა წილ-ხუდა ქვეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილ არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილხვდომილთათვის და ჯერეთცა ეგრედ არს, რათა დაესვენოს აქა მკÂდრად უკუნისამდე ჟამთა”. ასე მიუღიათ ეს ხატი აწყვერლებსდა დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთისმშობლისა, მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკოესიად სახელ-სდებენ”. აწყვერიდან ანდრია მოციქული სხვა ადგილებში წასულა საქადაგებლად.
აქ თავდება ძირითადი ჩანართი, რის შემდეგაც ძველიქართლის ცხოვრებააგრძელებს ჩანართის წინ დაწყებულ ამბავს ანდრიას მიერ მეგრელთა მოქცევასა და კლარჯეთს წასვლაზე. მეფე ადერკის მეგრელები უკანვე მოუქცევია, ხოლო კლარჯეთის ერისთავსგასწყრომია მოციქულის მშვიდობით გაშვებისათვის.
შემდეგქართლის ცხოვრებისტექსტში მეორე ჩანართია, საიდანაც ჩანს, რომ იერუსალიმში მარტÂლის დღესასწაულის აღსრულების მერე, ანდრია და სხვა მოციქულები მოსულანქუეყანასა ქართლისასა”. შემდეგ გაუვლიათტაოს კერძი ქუეყანა, ვიდრე მდინარედ ჭოროხამდე”. ასე ქადაგებით მოსულანსვანეთისა ქვეყანასა”. მაშინ იქაც ვინმე დედაკაცი მთავრობდა, რომელსაც შეუსმენია მოციქულთა ქადაგება. მატათა იქ დარჩენილა, ხოლო ანდრია და სიმონი შევიდნენქვეყანასა ოვსეთისასა”, მივიდნენ ქალაქ ფოსტაფორში.
მათი მოქცევის შემდგომ, მოციქულები წასულანქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა ეწოდება ცხუმი”. აქ ანდრიას დაუტოვებია სიმონ კანანელი, თავად კი ჯიქეთის ქვეყანაში წასულა... “ხოლ სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოფს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმინდა Âმონ კანანელი. ხოლო კუალად განამტკიცნა წმინდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკÂთედ”. ესააანდრიას მიმოსვლისვრცელი მოთხრობა დაცულიქართლის ცხოვრებაში”, მაგრამ ესეც უნდა ითქვას: ანდრიას მიმოსვლის ტექსტები, სხვადასხვა ნუსხებში, ხშირად განსხვავდებიან ექვთიმესეული თარგმანისაგან.
ქართლის ცხოვრებისვრცელ ჩანართში, ყველაზე მეტად, კონკრეტული პუნქტებია თავჩენილი. აქ პირველადაა დასახელებული დიდ-აჭარა, რკინის ჯვარი, ოძრახის ხევი, ზადენ-გორა, აწყვერი, საქრისი და, რაც მთავარია, აწყვერის ძველი სახელი სოსანგეთი. ბერძნული ტექსტების სუსები და სუსანია სოსანგეთის ფორმით პირველად ექვთიმესეულ ქართულ თარგმანში ჩნდება, მაგრამ ის აწყვერთან არაა კავშირში.
სუსანიაში ქალების მბრძანებლობა მამაკაცებზე პირველად ეპიფანე მონაზვნის ტექსტში ჩანს, რაც სახეს იცვლის საბინინისეულ რედაქციაში: იქ სოსანგელების მთავარი ვინმე დედაკაცია; “ქართლის ცხოვრებისჩანართში ეს მთავარი ქვრივი ქალია გვარად სამძივარი. რედაქციების უმრავლესობის მიხედვით, მატათა სუსანიაში რჩება როდესაც სუსანია სვანეთად გაიაზრეს, ქალი ამ ხალხის მთავარი და მატათაც სვანეთში აღმოჩნდნენ. მაგრამ მესამე და უძველესი ცნობა მატათას ქადაგებასა და დაკრძალვას აფსარ-გონიოში ვარაუდობს.
საინტერესოა, რომ სამცხის ძველსა და დიდ სოფელ უდეში ერთი ძველი ეკლესიის ნანგრევს და უბანსშუშანქალასუწოდებენ. შესაძლოა ეს ფაქტი კავშირში იყოს სუსანია-სოსანგეთთან და მხარს უჭერდეს აწყვერის ძველ სახელწოდებას.
ქართლის ცხოვრებისვრცელი ჩანართის მიხედვით, ტრაპიზონიდან ანდრიაშევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების და იწყო ქადაგება სახარებისა”. მართლაც ლეონტი მროველის ცნობით ჯერ კიდევ ფარნავაზმა (ძვ. . III .) აჭარა და სამცხე ოძრხის საერისთავოდ ჩამოაყალიბა.
სოფ. დიდაჭარა ჭოროხის მარჯვენა შენაკადისაჭარისწყლის ზემო წელზე მდებარეობს. ეს მოზრდილი სოფელი, ჩანს, ძველთაგანვე მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა; მის სახელწოდებაში ასახულა მთელი კუთხის სახელი. საინტერესოა, რომ იქაურები ზოგჯერ ცდილობენ სოფლის სახელწოდებადედ()აჭარა”- გაიაზრონ. ამავე პუნქტთანაა კავშირში ჰიდრონიმი აჭარისწყალი.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, გასაგები უნდა იყოს ანდრია მოციქულის არჩევანი. დიდაჭარის დღევანდელი მოსახლეობა გადმოცემით იმეორებს საყურადღებო ფაქტებს: ნაკაფისერზე მიუთითებენ ეკლესიის ნაშთებს (გათლილი ქვები იყოო), რომელსაც მთავარანგელო(ზი) ერქვაო. სოფლის დას-ით მყოფ ამ მაღალ ბორცვზე ახლა წმ. ანდრიას ნიშია; გადმოცემით ძველათვე იქ ქალები ადიოდნენ, სანთლებს ანთებდნენ და ლოცულობდნენ. ნიშის მახლობელ ფერდზე, გადმოცემით ყოფილა წყარო, ახლა დამშრალი. მოსახლეობა სხვაგანაც მიუთითებს წმინდა წყაროზე, რომლის მიკარება არ შეიძლება. სოფელში სხვაგანაც ყოფილა ეკლესია. ადგილხუცურში”, გზის პირას ახსოვთ ნაეკლესიარის ქვითკირის ნაშთი. აქვეა ძველი ქრისტიანული საფლავები. მახლობლადვე უპოვიათ ქვა ჯვრის გამოსახულებით. ნიშანდობლივია მათი ერთად არსებობის ფაქტიხუცურში”, რაც, ნათელია, ხუცესს უკავშირდება. ასახელებენეკლიყანასაცდა თვლიან, რომ ეს იყო ეკლესიის ყანა. სოფლის შემოგარენის ტოპონიმიაში საინტერესოა: საციხური (ციხის ნაშთიაო), ქვაბისჯვარი (საციხურის მთაში), ელიაწმინდა, ნამონასტრევი (ნასოფლარი საციხურის თავზე), ჯვართნისა.
სოფლიდან კარგად ჩანს გოდერძის უღელტეხილით სამცხეს მიმავალი გზა. ყოვილა მეორე გზაც, რომელიც რკინისჯვრის მთაზე ადის, იქიდან კი სამცხისა და იმერეთისაკენ დაეშვება. ჩანართის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდ-აჭარიდან წამოსულ ანდრიას უნდა გაევლო ირემაძეები. საციხური, აგარა, ღორჯომი, ცივწყაროს მთა, ქვაბისჯვარი, მამლის მთა. ამ გზაზე ეკლესიათა ნანგრევებია ძველ რუკებზეა აღნიშნული.
რკინისჯვრის აღმართვას ზეკარის უღელტეხილზე გადმოცემა ანდრია მოციქულს მიაწერს. მართლაც ანდრიას სასწაულებში ხშირად ჩანს რკინის კვერთხი, თავზე ჯვარგამოსახული. მოციქული მას არამარტო საყრდენად, არამედ უწმინდურთა გასანადგურებლადაც ხმარობდა. საქართველოში უღელტეხილებზე ქვაჯვართა დადგმა გავრცელებული მოვლენა იყო, რას ასახული ტოპონიმიაშიც (ჯვრის უღელტეხილიჯვართაყელი, ჯვარიანტონი იალნოს ქედზე, ჯვარილდი სვანეთში, ქვაჯვარას მთა და უღელტეხილი გუჯარეთში), მაგრამ რკინის ჯვრები ანდრია მოციქულზე არსებული გადმოცემებიდან შეიძლება მოდიოდეს. რკინის პალოს მთას ჭანეთისა და ტრაპიზონის საზღვრად ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი; თურქებზე გამარჯვების ნიშნად, რკინის ჯვარი დაუდგამს პასკევიჩსაც იმერეთ-სამცხის ქედზე, ალბათ ზეკარის რკინისჯვრის მიბაძვით; ტრადიციის მიხედვით, ანდრია მოციქულს ჯვარი აღუმართავს იქ, სადაც ახლა გერგეტის სამების ტაძარი დგას. შესაძლოა ამის საფუძველი იყოს გადმოცემა ანდრიას გადასვლის შესახებ საქართველოდან ალანიაოსეთში (დარიალან-ოსთა კარი).
გზა რკინის-ჯუარისაძვენთაგანვე იყო ცნობილი და ქართულ წყაროებშიაც იხსენიება. XI -ში, მესხი აზნაურების მოწვევით ბაგრატ IV “წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზა რკინის-ჯუარისა და შეკრბეს არყის ციხეს”; თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულ გიორგი რუსს მიმხრობილმა დადიანმა და მისმა ლაშქარმაგარდამოიარეს რკინის-ჯუარი და ჩავიდეს ციხის-ჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრÔ; ეს ციხისჯვარი რკინისჯვრის მახლობლად მყოფი ციხეა. აქაც უღელტეხილზე გამავალ გზასთან, ჩანს, ჯვარი მდგარა;  XIII -ში, მონგოლთა წინააღმდეგ აჯანყების დროს, ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით მოსულაადგილსა, რომელ არს რკინის-ჯუარი”.
 “
ქართლის ცხოვრებისვრცელი ჩანართის მიხედვით, რკინისჯვრიდან ანდრია მოციქულს ოძრახის ხევი ჩაუვლია და სოფ. ზადენ-გორასთან მისულა. აქ მას კერპები დაუმხია. სოფლის სახელიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს ადგილი წარმართული ღვთაების თაყვანისცემის პუნქტია.
ზადენის კერპი ხომ მცხეთაშიც იდგა (ზედაზენი-ზედა ზადენი). მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტრადიცია აქ მატერიალურ დადასტურებას პოულობს: არქეოლოგიური ძიებით აღმოჩენილია საკულტო დანიშნულების, ბრინჯაოსნიღბიანი ხარის პატარა ქანდაკება. ის ანტიკური ხანის ქართულ, წარმართულ სარიტუალო ცერემონიაში იხმარებოდა.
ეს პუნქტი მნიშვნელოვანი დარჩენილა შემდგომ ხანებშიაცჩანს, ნასოფლარი და სამარხები, გვირაბი, დარანი, წყარო. აქ იდგა ქვაჯვარიც, რომელიც ახლა აღარ ჩანს. შუა საუკუნეებში სოფელი გაზრდილა და XVI საუკუნის ბოლოს ზადენ და გორა სოფლებად გაყოფილა. ზადენ-გორიდან ანდრია აწყვერს მოსულა, სადაც სამცხის ერი ქრისტიანობაზე მოუქცევია (იხ. ზევით). აწყვერი-სამცხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი, შემდგომაც ხშირად ჩანს ქართულ წყაროებში, როგორც აწყვერის ღმრთისმშობლის ხატის სამყოფელი.
საქართველოში ერაკლე კეისრის (VII .) შემოსვლასთან დაკავშირებით, ჯუანშერის ტექსტის 4 ნუსხაში გვხვდება ჩანართი: “მოვიდა პირველად ქართლს, სამცხეს, და ესმა სასწაულმოქმედება ხატისა მის, რომელი წმიდასა ღმრთისმშობელსა გამოესახა და მიეცა პირველწოდებულისა ანდრიასათÂ, და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა ეკუდერსა შინა აწყუერს. მოვიდა კეისარი ერაკლე ხილვად და თაყვანისცემად ხატისა მის. მაშინ იწყო ერაკლე აწყუერს დიდისა საყდრისა საძირკუელისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის მიერითგან განსრულდა მორწმუნეთა კაცთა მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ”. “ქართლის ცხოვრებისჩანართები, დაკავშირებული ანდრია პირველწოდებულის სამცხესა და აწყვერში მოღვაწეობასთან, ასევე ზემოხსენებული ჩანართი, გვაფიქრებინებსშესაძლოა მათ ერთი ავტორი ჰყავდეთ. ესაა სამცხე-აჭარის ისტორიული გეოგრაფიის დეტალებში კარგად გარკვეული პიროვნება, ეგების მაწყვერელი ეპისკოპოსიც კი (ანდრიაწარმოემართა”, “მოიწია აწყვერს”). წერილობით ტრადიციას ერთგვარად გაუმყარა საფუძველი აწყვერის არქეოლოგიურმა კვლევამ. დადასტურდა ძველი ქალაქური დასახლება მის ტერიტორიაზე. ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეთა განათხარ მასალაში, საყურადღებოა ბერძნული მხატვრული კერამიკის ნიმუშები, III საუკუნის სამარხში აღმოჩენილი საბეჭდავი ბეჭდები, მითრასა და ანაჰიტის კულტების სიმბოლოებით. ესენი მიჩნეულია მაღალი წრის წარმომავდგენელთა ინსიგნიებად. ეს მასალა აშკარად მეტყველებს უცხო ქვეყნებთან დამაკავშირებელ გზებზე და ეგების აწყვერის ძველ ხელისუფალზედაც.
აწყვერში აღმოჩენილი ბერძნული მხატვრული კერამიკა, მხარს უბამს ჩანართში ნახსენებ აპოლონისა და არტემიდეს კერპების არსებობას ძველ აწყვერში. ასევე მნიშვნელოვანია იქაურ ციხეში ძველი ფენების დადასტურებაც, რაც ეხმიანება ჩანართში ხატის პირველად იქ დასვენებას.
წმიდა მოციქულის სამცხეში მოღვაწეობის კიდევ ერთი ანარეკლია სოფელი ანდრიაწმინდა და მისი ეკლესია მდინარე ურავლისწყლის მარცხენა სანაპიროზე. ეს ეკლესია X საუკუნის დარბაზული შენობაა და წმიდა ანდრიას სახელს ატარებს. აქ დღეობას იხდიან დიდი მარხვის მეხუთე ხუთშაბათს (თებერვალი-მარტი-აპრილი), მისი შემოსვლის დღეს.
სოფელში გადმოცემაა, რომლის მიხედვითაც ზადენგორადან ანდრიამ ფოცხოვი გამოტოპა და ამ სოფელში მოვიდა. აქ სასწაულები მოახდინა: დაბადებით უსინათლო ქალს თვალი აუხილა; პიტალო კლდეს კვერთხი დაჰკრა და წყარო გამოედინა, რომელსაც დღესაც ანდრიას წყაროს უწოდებენ. აქედან ანდრია კვალთახევისა და ორფოლას გავლით, აწყვერს მოსულა. ანდრიაწმინდაში მეორე ეკლესია წმ. გიორგის სახელობისაა; მახლობლადაა თევდორეს ეკლესიაც.
XVI  
საუკუნეში თურქების ბატონობის დროს, სოფ. ანდრიაწმიდა 40-კომლიანი დასახლება იყო, ქართული მოსახლეობით, რომელთა შორის ორი მღვდელი ჩანს. ეს სოფელი 1705-6 წლებში ვინმე ჰასან აბუბექრის ძეს ეკუთვნოდა და მისი გამოსაღები 31000 ახჩას შეადგენდა.
სამცხიდან ანდრია მოციქული დას. საქართველოს მთიანეთში ისევ ზეკარის გზით უნდა წასულიყო. I საუკუნის რომაელი გეოგრაფოსისკასტორიუსის რუკაზე აღნიშნული არტაშატ-სებასტოპოლისის გზა სწორედ ასე მიემართებოდა ვარდციხის გავლით. ამ გზის I საუკუნეში არსებობის დამადასტურებელი ფაქტია არქეოლოგიური თხრით აღმოჩენილი პოლემონ II (პონტოსა და კილიკიის მეფე 38-64 წწ.) მონეტა. ამავე გზის მეორე ტოტზე არსებული ხანი ასევე საგზაო პუნქტი უნდა ყოფილიყო, რადგან ხანი, ხანაგა სპარსულიდაა შემოსული და გზაზე მოსასვენებ სახლს აღნიშნავს.შუა საუკუნეებშიაც მოქმედ ამ გზას წყაროებში ხშირად ვხვდებით (იხ. წინ). ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: “გარდავალს აქედამ გზა კაკას Ãიდზედ ბაღდადს. ამ გზას, ეწოდებოდა მთით რკინის-ჯუარი”. ამავე გზასთანაა დაკავშირებული მთა სახელწოდებით ფუნდუკი, სალაშქრო ხევი, კაკასხიდიძველი ქვის ხიდის ნაშთით.
ზემოთ განხილული ჩანართების გარდა, განსხვავებები მოიპოვებაქართლის ცხოვრებისსხვადასხვა რედაქციებში. “ქართლის ქვეყანაშიდასახელებულია ნიგალი, კლარჯეთი, არტაჰან-კოლა. ურბნული რედაქცია კი გვაუწყებს, რომ ანდრიამ და სიმონ კანანელმა პირველად განანათლეს ქართლი. “მერმე უკუნ იქცეს და განვლეს ჭორები და შევიდა სვანეთს... გარდავლო მთა და შთავიდა ოვსეთად ქალაქსა მას ოვსეთისასა ბოსფორას”. ზემოთხსენებული განსხვავებები, ცხადია მოითხოვს ხელნაწერთა ამ ადგილების კრიტიკულ სესწავლას. მანმადე კი ცხადია, რომ ანდრია მოციქულის შესახებ გადმოცემები საქართველოს ბევრ მხარეშია გავრცელებული. სოფ. ანდრიაწმიდა არის იმერხევშიც, ართვინის ვილაიეთში. სოფლის სახელი იქაც ანდრიას სახელობის ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს.
ანდრიას შესახებ გადმოცემები შემორჩენილია სამეგრელოშიც, რომლის მიხედვით, წმ. ანდრიამ გაანადგურა მუხასთან მდგომი კერპი კაპუნია და მის ნაცვლად ჯვარი აღმართა. მუხის ფიცრებისაგან კი მან ხალხს ეკლესია ააგებინა. წმიდა მოციქულის შესახებ არსებული წერილობითი ბერძნული ტექსტებიდან ჩანს, რომ ანდრია დაქცეული კერპებისა, თუ სინაგოგების ადგილას ეკლესიებს აშენებდა სხვაგანაც.
. შარდენისა და კრ. კასტელის მიხედვით, წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის ძველი ეკლესია ყოფილა ბიჭვინთაშიც. იქ ყოფილა ჯვრიანი სვეტი, რომლის წინაშეც ხალხი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.
ხალხში შემორჩენილია რწმენა, რომ ძველ ანაკოფიაში ყოფილა ეკლესიის ნანგრევი წმიდა სიმონ კანანელის სახელობისა. 1840 წელს მას გუმბათი ჩაქცეული ჰქონია, მაგრამ შემორჩენილი ყოფილა ფრესკული მხატვრობის ნაშთი. . . მურავიოვის აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ნიკოფსია.
ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობას საქართველოში ხაზგასმით აღნიშნავენ გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე. გადმოცემამ კანონიზაცია მიიღო რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე და აღბეჭდილია ამ კრების ძეგლისწერაში: “...პირველწოდებული ანდრია, ძმა თავისა მოციქულთასა პეტრესი, ვიდრე ჩუენადმდეცა მოიწია და ქადაგა საცხოვრებელი ქადაგება სახარებისა ყოველსა ქუეყანასა საქართველოსასა”.




სტატიისავტორი –დევი-ბერძენიშვილი
მასალა აღებულია წიგნიდან  – ქრისტიანობის 20 საუკუნე საქართველოში”, “მეცნიერება”, თბილისი, 2004, გვ.73-85.