Sunday, June 29, 2014


ილია



"ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა."

"
ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წაუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამაპაპის მაგალითითა და ანდერძით, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში."

ისტორია იმითია დიდი, რომ გვიჩვენებს ჩვენ წინაპართა ცდომილებას, მასთანვე გვასწავლის ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკანა მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი  უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდა ჩვენს სასარგებლოს არას გამოვიტანთ."

Sunday, June 22, 2014

წერილი მასწავლებლებს

 ვიყოთ ადამიანები და აღვზარდოთ ადამიანები!

     სკოლის ერთმა დირექტორმა ეს წერილი გაუგზავნა ყველა მასწავლებელს, რომელიც აიყვანა სამსახურში: 
" ძვირფასო მასწავლებელო !
მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არც ერთმა ადამიანმა:
როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს;
როგორ წამლავენ
 კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;
როგორ კლავენ განათლებეული მედდები ჩვილ ბავშვებს;
როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებს და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები.
ამიტომაც არ ვენდობი განათლებას !
მე გთხოვთ, დაეხმარეტ მოსწავლეებს, გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინები ფსიქოპატების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე.
კითხვა, წერა, არითმეტიკა... მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს, გახდნენ უფრო  ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი ! "


წყარო:

https://www.facebook.com/otarchiladze/posts/679902688700696