Saturday, August 5, 2017

კახეთის (1733–1744 წ.წ.), შემდგომ ქართლის (1744–1762 წ.წ.) მეფის თეიმურაზ მეორის სამოსი და ნაწილობრივ გაუხრწნელი (ბალზამირების შედეგად) ნეშტი.
მეფე ერეკლე მეორის მამა, ნიჭიერი პოეტი და ღირსეული მეფე თეიმურაზ მეორე პეტერბურგში დიპლომატიური მისიით მყოფი 1762 წელს გარდაიცვალა, ცხედარი წამოასვენეს და ასტრახანის კათედრალში, სიმამრის მეფე–პოეტ ვახტანგ VI-ის გვერდით დაკრძალეს. 1973 წელს მოხდა მათი სამარხების არქეოლოგიური შესწავლა, აკლდამებიდან ამოსვენება და იქვე, კედელში მოწყობილ სამარხში დაკრძალვა (ტაძრის იატაკის ქვეშ მოწყობილი სამარხები გაუქმდა და იქვე კედელში გაკეთებულ აკლდამებში იქნა ათობით სხვა ნეშტიც გადასვენებული, მათ შორის ცნობილი ქართველი საეკლესიო და ლიტერატორი მოღვაწეების – სამებელ (კაწარელ) მთავარეპისკოპოს იოსებ ქობულაშვილის, ქართლის მთავარეპისკოპოსის (ანუ სამთავროსა და გორის მიტროპოლიტის) რომანოზ ერისთავის, ასტრახანის მთავარეპისკოპოს გაიოზ რექტორის). თეიმურაზ მეორის ცხედარი გაუხრწნელი აღმოჩნდა (რადგან თავის დროზე პეტერბურგში გაკეთდა ცხედრის ბალზამირება დაგეგმილი მგზავრობის გამო). დაცული აღმოჩნდა არამხოლოდ მეფის ცხედარი, არამედ სამოსიც და ჩატანებული ნივთებიც: გულსაკიდი ოქროს ჯვარი ბაწრით, ფაიფურის ფინჯანი (ალბათ სურნელოვანი სითხით სავსე თავის დროზე), მაბალზამირებელი ტორფის ხავსი – სფაგნუმი, რომლითაც დაფარული იყო ცხედარი). სამოსი გახადეს და კონსერვაციის შედეგ ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო (ამჟამად ეროვნულ) მუზეუმს გადმოეცა. წელს მუზეუმმა გამოფინა ეს სამოსი და წამოგიდგენთ მის ფოტოებს ჩემს მიერ გადაღებულს ამ დღეებში. ასევე მეფე თეუმურაზის ცხედრის და ყოფილი აკლდამის ფოტოებს წიგნიდან ქართული ისტორიული ძეგლებიასტრახანში, ავტორები გ. პაიჭაძე, ვ. ჯაფარიძე, თბ.,1974 წ. (ამავე წიგნში დეტალურად მოიძიებთ მასალას ამ არქეოლოგიური კვლევის შესახებ). აქვეა ინტერნეტში მოპოვებული მეფის საფლავის თანამედროვე მდგომარეობის ამსახველი ფოტოები,და მეფის ორი პორტრეტი 1760–იანი წლების დადეგს შესრულებული .
P.S. აქვე შევნიშნავ, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთის საეკლესიო და საერო ხელისუფლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის არაერთგზისი თხოვნაზე ცხედრების სამშობლოში გადმოსვენების ნებართვაზე, მიღებულია უარი...
ასევე: ვახტანგ VI-ის აკლდამა არქეოლოგებს გაძარცული და არეული დახვდათ, მოპარულია მეფე ვახტანგის თავის ქალა. ძარცვა 1930–იან წლებში მომხდარა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე-

No comments:

Post a Comment